[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » Test category » Test forum » გურამ კოპაძის კომენტარები (წიგნი “დამაკვირდი“, რომელიც მოიცავს ბრძნულ აფორიზმებს)
გურამ კოპაძის კომენტარები
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:22 | შეტყობინება # 1
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
1. (გვ.9) ავრელიუსი: „როცა საწყენი რამ შეგემთხვეს, ეგ ჯერ კიდევ უბედურება არ არის; ნუ დაივიწყებ, რომ ღირსეულად ატანა წყენისა ბედნიერებაა“.
ინდივიდის განვითარების უმაღლეს სტადიაზე ადამიანი საერთოდ თავისუფლდება ყოველგვარი წყენისაგან.
2. (გვ.21) ბუასტი: „ურცხვობა უკანასკნელი ხარისხია ბიწიერებისა“.
ბიწიერების უმაღლესი ხარისხი სინდისისაგან განთავისუფლებაა და არა სირცხვილისაგან. სირცხვილის მქონე ადამიანი მხოლოდ გარეშე თვალის წინაშეა მორიდებული და თუ ტყუის, ეშინია მხილების. უსინდისო ადამიანი კი არაფერს ერიდება და თუ საშუალება მიეცემა ყველაფერს იკადრებს. ინდივიდის განვითარების უმაღლეს სტადიაზე ადამიანი, ინარჩუნებს რა მთავარს ორიენტირს – სინდისს და პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე, სრულიად თავისუფლდება სირცხვილის გრძნობისაგან, ისევე როგორც ზრდასრულ ნორმალურ ადამიანს არ რცხვენია პატარა ბავშვებისა და ცხოველების.
3. (გვ.21) ბუასტი: „ერთი სინდისის ხმა უფრო საამურია, ვიდრე ასი ხმა დიდებისა“.
სინდისის ხმა ყველა ხმაზე ძვირფასია და ყველაზე მეტად ანგარიშგასაწევია. თუმცა, წაბილწულ საზოგადოებაში ეს ხმა შესუსტებულია. სინდისის ხმით თვით ღმერთი უკავშირდება და მართავს მას, ვინც ამ ხმას ყურს უგდებს. სინდისისაგან განთავისუფლებული ადამიანი ერთგვარ შინაგან თავისუფლებას კი ეზიარება, მაგრამ ასეთი თავისუფლებით იგი ნაღდ ბედნიერებას ვერ მიიღებს – დაკარგავს სიყვარულსა და ყოველივე ძვირფასის რწმენას; დიდებაც ხანმოკლე აღმოჩნდება მისთვის . . .
4. (გვ.22) ბუასტი: „წამხდარი გემოვნება ნიშანია წამხდარი სულისა“.
ნათქვამია „გემოვნებაზე არ დაობენო“, მაგრამ მთლად ასეც არაა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ორივე მხარე მართალია. უბრალოდ მაღალი კულტურისა და დაბალი კულტურის ადამიანებს შორის დავას აზრი არ აქვს. წამხდარი სულის ადამიანი ვერასოდეს ვერ ეზიარება მაღალ კულტურას.
5. (გვ.22) ბუასტი: „სიცილი ჭკუის მხიარულებაა, გულის მხიარულება კი ღიმილია“.
ხანმოკლეა ჭკუამხიარული ხალხის ბედნიერება, რომელიც ძირითადად აღმოცენებულია სხვა ადამიანების ნაკლოვანებების ფონზე. ზოგჯერ ღიმილიც კი ცინიკურია, ხოლო სიცილი – ჯანსაღი. მაგალითად, ადამიანს სიყვარულიდან გამომდინარე შეიძლება ჯანსაღად ეცინებოდეს გულუბრყვილო და გულწრფელი ბავშვების თამაშის დროს შექმნილ კურიოზულ სიტუაციებზე.
6. (გვ.22) ბუასტი: „სულიერს ყოველთვის საკმაო ჭკუა აქვს, რომ ბოროტი საქმე ჩაიდინოს“.
ბოროტი სულელის მიერ ჩადენილი ბოროტება ვერ შეედრება ბოროტი ჭკვიანის მიერ ჩადენილ ბოროტებას. ბოროტი ჭკვიანი სულელზე უფრო საშიშია და მას შეიძლება საკადრისად დაუპირისპირდეს მხოლოდ ბრძენი – ნათელი სულის მქონე მაღალგანვითარებული ინტელექტუალი. ბოროტი ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება ბრძენი!
7. (გვ.23) ბუასტი: „სიყვარული არც მაშინ გეკითხება როცა მოდის, არც მაშინ როცა მიდის“.
სიყვარულს თავისი დიაპაზონი და მასშტაბები გააჩნია. სიყვარული უკვალოდ არ ქრება და მთავარია მან ის ნაყოფი გამოიღოს, რომელიც უზენაესის მიერ მის პოტენციაშია ჩადებული. სიყვარულს ყურადღების უმძლავრესი მობილიზაციისა და კონცენტრაციის ძალით ადამიანის, და განსაკუთრებით მამაკაცის, გასხივოსნებამდე მიყვანა შეუძლია, როცა იგი სძლევს თავის ეგოიზმს და საკუთარ ნებას შეარწყავს უზენაესის ნებას. აი ესაა მთავარი, ხოლო შთამომავლობის გაგრძელება მეორადია . . .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:23 | შეტყობინება # 2
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
8. (გვ.24) ბუასტი: „სიტურფე, ნიჭიერება, ჭკუა, ყოველივე ეს ცვდება, გარდა სიბრძნისა და სათნოებისა“.
უზენაესი ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს შეგინარჩუნოთ ყოველივე ის სიკეთე, რაც თავად მოგამადლათ, მაგრამ ამისათვის უნდა დაიცვათ ღვთაებრივი წესები და შეძლებისდაგვარად უნდა გააკეთილშობილოთ (გაწმინდოთ უწმინდურობისაგან) ის გარემო, რომელშიც გიხდებათ ცხოვრება. უნდა შეიცნოთ ღმერთი და „ითანამშრომლოთ“ მასთან მთელი საზოგადოების საკეთილდღეოდ.
9. (გვ. 25) ბუასტი: „სიმართლეს ცოტა მუშტარი ჰყავს“.
ყველას თავის სიმართლე აქვს, ჭეშმარიტება კი ერთია და სამწუხაროდ, თითქმის ყველა ადამიანი გაურბის მას, რადგან ჭეშმარიტება ამხელს მათ, ვისაც ეშინია სულიერი გაშიშვლების და განსაკუთრებით საკუთარი თავის წინაშე. ამიტომაცაა, რომ ადამიანები მკვეთრად უარყოფითად არიან განწყობილნი ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლის მიმართ და ეს იმის ნიშანია, რომ მათში მძლავრობს „ანტიქრისტეს სული“.
10. (გვ.25) ბუასტი: „ორგვარია ზნეობა, ერთი უქმი, რომელიც გვეუბნება ნუ იქმ ბოროტსაო, მეორე მომქმედი, რომელიც გვიბრძანებს: ჰქმენ კეთილიო“.
ზნეობა ერთი სისტემაა და იგი აერთიანებს „უქმსაც“ და „მომქმედსაც“. წესების ეს სისტემა სიტუაციის გათვალისწინებით პასუხობს კითხვებს „რა უნდა აკეთო?“ და „რა არ უნდა აკეთო?“. ამ კითხვებზე ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სუბიექტური აზრი და სტატისტიკის ანუ უმრავლესობს მიხედვით, თუ კონკრეტულ კომპეტენტურ და ავტორიტეტულ პირთა, და კიდევ კანონმდებელთა შეთანხმებისა თუ შეჯერების საფუძველზე, რელიგიური პოზიციების გათვალისწინებით, „კულისებში“ გამომუშავდება ფარსი – „საზოგადოებრივი აზრი“ (მორალი). სწორედ ამ უკანასკნელის მიხედვით, იდეოლოგიის ფარგლებში შემუშავდება ქვეყნის უმთავრესი კანონი – კოსტიტუცია და კოდექსები. ამასთან აღსანიშნავია, რომ რაგინდ მაღალი დონისაც არ უნდა იყოს საზოგადოება, „საზოგადოებრივი აზრი“ ვერასოდეს გახდება იდეალური ანუ ღვთაებრივი და ყველა რანგის ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ უმაღლესი რანგის, ანუ ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომი გასხივოსნებული „სულიერი მასწავლებლების“ შესწორებები და რეკომენდაციები. სწორედ ამ საქმეში ჩვენ ვაწყდებით „ანტიქრისტეს სულიდან“ გამომდინარე უდიდეს წინააღმდეგობებს . . .
11. (გვ. 26) ბუასტი: „თუ ბოროტი ხარ – შეგიძულებენ, თუ კეთილი ხარ – ზოგჯერ მოგატყუებენ; თუ სიმართლის მოყვარე ხარ – თაყვანს გცემენ“.
ბუასტს რომ საქართველოში ეცხოვრა, იგრძნობდა ამ ცხოვრების ბევრ სიმწარეს და ქართულ ანდაზასაც დაეთანხმებოდა – „სიმართლის მთქმელ კაცს ცხენი შეკაზმული უნდა ჰქონდესო“. ამაყი ქართველები არავის პატიობენ სიმართლის თქმას . . .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:24 | შეტყობინება # 3
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
12. (გვ.27) ბუასტი: „მშობლები, რომელნიც ანებივნებენ შვილებს, უბედურებისათვის ამზადებენ“.
თავის თავსაც უმზადებენ უბედურებას.
13. (გვ. 28) ბუასტი: „ვისაც უნდა ღირსეულად დაწეროს ისტორია, მან თავისი სარწმუნოებაც უნდა დაივიწყოს, თავისი სამშობლოც და ის დასიც, რომლის მომხრეც არის“.
მხოლოდ უმაღლესი რანგის სულიერ მასწავლებელს შეუძლია იყოს ბოლომდე ობიექტური.
14. (გვ. 28) ბუასტი: „ჭკუა ათას გზას ხედავს და არ იცის რომელი ამოირჩიოს; გონიერება ერთ გზას ხედავს და ამ გზით დადის კიდეც“.
„ჭკუა“ (ინტელექტი) ათას გზას აანალიზებს და ამის შემდეგ, „გონიერება“ (სიბრძნე) ირჩევს საუკეთესო გზას.
15. (გვ. 28) ბუდა: „თავისი თავის და სურვილების დაძლევა ომში გამარჯვებაზე უფრო უდიდესი გამარჯვებაა“.
უდიდესი გამარჯვება ეგოიზმის დაძლევაა, ხოლო საკუთარი „მე“ („თავისი თავი“) და სურვილები უნდა ავამაღლოთ. მხოლოდ ამაღლებული სურვილები შეგვაძლებინებს ჭეშმარიტი ბედნიერების მიღწევას.
16. (გვ.29) ბუდა: „უქმობა, ზარმაცობა, გზაა სიკვდილისა; საქმიანობა, მღვიძარობა – სიცოცხლის გზაა“.
ღმერთი არასოდეს დასაქმდება უქმი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივებით. ღმერთს შეუძლია ამქვეყნიური უკვდავება და სრული ბედნიერებაც კი მიანიჭოს ადამიანს თუ იგი ამას იმსახურებს და წარმატებულია გარემო პირობების სრულყოფისათვის ბრძოლაში.
17. (გვ.29) გარნეზია; „ოქროს დრონი იყვნენ მაშინ, როცა ოქრო არ ბატონობდა“.
ოქრო ყოველთვის იბატონებს, თუ საზოგადოება არ ივლის სულიერი ამაღლების გზით.
18. (გვ.31) გოეთე: „სასწაული უსაყვარლესი შვილია სარწმუნოების“.
„სასწაული“ რწმენის დედაა და იგი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, ოღონდ ამას დანახვა უნდა.
19. (გვ.31) გოეთე: „მხოლოდ ჭეშმარიტებაშია სიბრძნე“.
მხოლოდ სიბრძნეშია ჭეშმარიტება. ამსოლუტური ჭეშმარიტება არსია ყოვლისა.
20. (გვ.32) გოეთე: „თუ იცი ვის ენდო და ერწმუნო, ცხოვრებას მიენდე: იგი ყველა ბრძენსა და წიგნზედ უკეთესად გასწავლის“.
ბრმად არავის არ უნდა მიენდო, როცა საკუთარ ჭკუასა (ინტელექტს) და ინტუიციას მიენდობი, უფრო უკეთ აგეხილება თვალები და გაგიმახვილდება ცხოვრების ხედვა და ანალიზი. ყოველივე თუ ღმერთის რწმენითაც იქნა გამყარებული, გზა გაგეხსნება ღვთაებრივ სიბრძნეს ეზიარო, რაც იმდენად გაგაძლიერებს, რომ შეგეძლება თავი დაიცვა ყოველგვარი ეშმაკისეული ძალებისგან და განსაკუთრებით მაგიური ზემოქმედებებისგან.
21. (გვ.33) გოეთე: „ჯერ არც ერთი ცოდვა არ შემხვედრია, რომ შესაფერ გარემოებაში მეც არ ჩავიდინო“.
მხატვარი რეპინის მიერ შესრულებულ ტილოზე ბრწყინვალედ არის ასახული ის უმძიმესი განცდა, რომელიც განიცადა ივანე მრისხანემ თავისი ხელით განგმირული შვილის წინაშე მას შემდეგ, რაც მრისხანებამ გადაუარა და გონს მოეგო. მზად უნდა ვიყოთ არა იმისათვის, რომ „შესაფერ გარემოებაში“ ავყვეთ ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს ცოდვების ჩასადენად, არამედ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ამ ცხოვრების ათასნაირ ცდუნებასა და მაგიურ ზემოქმედებებს, რათა არ ჩავიდინოთ დანაშაული ღვთის წინაშე და ამის საპასუხოდ არ მოგვეზღოს ღმერთის სასჯელი ამა თუ იმ ფორმით (ისიც გვეყოფა, თუ რა ეშმაკისეულ სასჯელებსაც ღებულობენ ადამიანები ამ ცოდვილ მიწაზე), თუნდაც სინდისის ქენჯნის სახით. ვისაც სინდისი არ გააჩნია იგი არ განიცდის არანაირ სინანულის გრძნობას და მისთვის უცხოა მონანიების აქტი. ასეთი ღმერთგამწყრალი ადამიანი კი განიდევნება ღმერთის მფარველობის ველიდან . . .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:25 | შეტყობინება # 4
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
22. (გვ.33) გოეთე: „ახალი ჭეშმარიტებისათვის საშიში ისე არა არის რა, როგორც დაძველებული“.
ჭეშმარიტებისთვის არაფერია საშიში! იგი უცვლელი და მარადიულია. პროგრესული იდეოლოგია ყოველთვის დაამარცხებს დაძველებულსა და დამყაყებულს, და მით უფრო ჩქარა, რაც უფრო ჯანსაღი იქნება საზოგადოება.
23. (გვ.34) გოეთე: „პირველი ნიშანი გენიოსობისა ის არის, რომ იგი ჭეშმარიტებას არ გადასცდეს“.
ჭეშმარიტებას უმაღლესი პოზიცია უკავია და ამიტომ მას ვერავინ გადასცდება. ჭეშმარიტებას შეიძლება ასცდეს გზასაცდენილი, რომელსაც სჭირდება სულიერი მასწავლებელი, რათა სწორ გზაზე დააყენოს იგი. გენიოსია უმაღლესი ინტელექტის მქონე ყველა ადამიანი. გენიოსებად მიიჩნევიან აგრეთვე ის ადამიანებიც, რომლებიც უმაღლესი ნიჭიერებით გამოირჩევიან ცალკე დარგებში (მაგალითად: ეინშტეინი, მიქელანჯელო, მოცარტი . . .)
24. (გვ.33) გოეთე: „ვინც ეძებს ჭეშმარიტებას – ჭკვიანია, ვისაც ჰგონია ვიპოვეო – სულელია“.
არც მთლად ასეა საქმე – უდიდესი რელიგიის დამფუძნებლები თვლიდნენ, რომ ფლობდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ ისინი სულელები კი არ იყვნენ, არამედ ჭეშმარიტებასთან მიახლოებული პირები გახლდნენ. მოწესრიგებულ ადამიანებს ყოველთვის უნდა აწუხებდეთ განუსაზღვრელობა (გაუცემელ კითხვაზე პასუხის გაცემა), მაგრამ ზოგჯერ ადამიანს ეჩვენება, რომ ამოწურა კითხვებზე პასუხი. თუმცა, სინამდვილეში, დედამიწაზე ჭეშმარიტების ბოლომდე გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი. მთავარია სწორად ვიაროთ წინ . . .
25. (გვ.34) გოეთე: „როდესაც ადამიანი გულით არის რასმე მოწადინებული, თავის გასამართლებელ მიზეზს ადვილად მოიგონებს“.
როგორც მახსოვს, წლების წინ ფრანგმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს ყველაზე ძალიან ეძნელებათ იმის თქმა, რომ მართალნი არ არიან. ეს არ იქნება დასაძრახი, თუ ამის მიზეზი ახირება კი არა, არამედ საკუთარი პრინციპების დაცვაა. ღირსეულმა ადამიანმა იოლად არ უნდა დათმოს პოზიციები და არ უნდა დაანგრიოს საკუთარ ღირებულებათა და წარმოდგენათა სისტემა, მაგრამ ყოვლივე ეს სიჯიუტეში არ უნდა გადაიზარდოს და საბოლოოდ ჭეშმარიტების სიყვარულმა უნდა გადაწონოს ყოველივე – ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება.
26. (გვ.35) გრომე: „დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი – ვრცლად. მამაკაცისათვის ქვეყანა გულია, დედაკაცისათვის – გული ქვეყანაა“.
ჩვენი მსჯელობა ეხება მოწესრიგებულ ადამიანებს და ამ შემთხვევაშიც კი ყველაფერი ცალსახად არ განისაზღვრება. მოწესრიგებულ ქვეყანაში მამაკაცს მიეცემა საშუალება მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარ გულს (გულისთქმას) და ამის მოთხოვნილება მას მეტწილად ყმაწვილკაცობაში ექნება. ქალი კი მეტწილად ოჯახის შექმნასა და მის მოვლა–პატრონობაზეა ორიენტირებული. იგი ნაკლებად იყურება შორს და ანალიტიკური აზროვნებით არ გამოირჩევა – განსაკუთრებით შეყვარებულობის პერიოდში. ყურედღების კონცენტრაციის უნარით მამაკაცი გამოირჩევა. ქალს უფრო უჭირს რამე საგანზე ყურადღების დიდხანს შეჩერება და კიდევ ბევრი განსხვავებაა მამაკაცსა და ქალს შორის. იდეის მიხედვით ისინი ერთმანეთს ავსებენ.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:25 | შეტყობინება # 5
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
27. (გვ.35) გრაუ: „საცა სულელად ყოფნა ბედნიერებაა, იქ ჭკვიანად ყოფნა უჭკუობაა“.
ჭკვიანად ყოფნა არასოდესაა უჭკუობა. ჭკვიანი კაცი არასოდეს არ უნდა აჰყვეს სულელებს. სულელები ვერასოდეს ვერ იქნებიან სრულფასოვნად ბედნიერნი. სულელი ჭკუამხიარულია და შეიძლება ვერც გრძნობდეს თავის უბედურებას. იგი ვერასოდეს ეზიარება მაღალი რიგის ბედნიერებას. ბედნიერების გრძნობა წუთიერი არაა და მოიცავს ცხოვრების მთელ სპექტრს – წარსულის სიყვარულს, აწმყოს მშვენიერებას, მომავლის რწმენას, საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებას, ოჯახისა და ქვეყნის კეთილდღეობას . . .
28. (გვ.38) დეკურსელი: „ მშვიდობიანობა მხოლოდ მიძინებული ჩხუბია“.
იქ, სადაც ღვთაებრივი წესრიგი არ სუფევს, მშვიდობის ადგილი არაა – ადამიანის ვალია იღწვოდეს უკეთესობისაკენ. ის, ხომ თვალნათელია, რომ მონობაში ყოფნას ისევ მშვიდობის დარღვევა სჯობია, თუნდაც იგი ჩხუბის ფასად დაგვიჯდეს. ამასთან, ჩხუბშიც საჭიროა დავიცვათ ზომიერება, გონიერება, რაინდობა, მიმტევებლობა, კეთილშობილება . . . თუ სხვა გამოსავალი არ გვექნა, თავის შეწირვაც ღირს, რათა ჩვენი სიცოცხლის ფასად გზა გავუკაფოთ მომავალ თაობებს ღირსეული ცხოვრებისათვის. თუმცა გმირობის ჩადენა ყველას არ შეუძლია . . .
29. (გვ.38) დეკურსელი: „ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა ხელახლა თავის დღეში აღარ ამოვა“.
გვსმენია: „ნამუსი ახადა“, „სინდისნამუსგარეცხილი“, „უსინდისო“, „სინდისმა გაიღვიძა“. . . არავინ იცის რა ბედი ელის ადამიანს. იქნებ „ბედმა გაუღიმოს“ და „სინდისი დაიბრუნოს“ . . .
30. (გვ.38) დეკურსელი: „წესიერება ჯანმრთელობაა ერისა“.
სინდის–ნამუსი წესიერებაზე მაღლა დგას და იგი ღირსეულ ადამიანებს ყოველთვის თან ახლავს. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი რიცხვი მცირეა და იმდენი ძალა არ აქვთ, რომ ქვეყანა მათ იმედად იყოს. ხალხი თავისი ნებით საზოგადოებრივ მორალსაც ნაკლებად ემორჩილება და ყოველივე ამის გამო საჭირო გახდა „წესიერების“ მოგონება და მის სადარაჯოზე „ძაღლების“ დაყენება, რამაც ქვეყანა „საძაღლეთად“ აქცია. „წესიერება“ იმდენად ათაყვანებს ადამიანებს, რომ ისინი ხშირად სასაცილონიც კი ხდებიან. მაგალითად, გზის გადასასვლელზე, შუა ღამეც რომ იყოს, ადამიანი მარტო შუქნიშანს უყურებს და არ გადადის გზაზე – ელოდება როდის გაიხსნება გზა მწვანე შუქის ანთებით იმისგან დამოუკიდებლად, ჩანს თუ არა მომავალი ავტომანქანა და ჩასაფრებულია თუ არა პოლიციელი. ერის ღირსება „წესიერებით“ კი არ უნდა იზომებოდეს, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს ამ ერში გაბატონებული საზოგადოებრივი მორალი ღვთაებრივ ნებას, რომლის კიდევ უფრო მეტად შეცნობა და შესრულება ერის საპატიო მოვალეობაა.
31. (გვ.39) დელაბრი: „ვისაც საკუთარი აზრი არ აქვს, იგი ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს“.
სხვისი აზრების დაპირისპირება საერთოდ ახასიათებს „ანტიქრისტეს სულის“ მქონე პიროვნებას. ასეთ ადამიანს საკუთარი აზრები არც არაფერში სჭირდება. იგი მიისწრაფის ძალაუფლების ხელში აღებისკენ და არა იდეოლოგიის დახვეწისკენ ჭეშმარიტების სასარგებლოდ. მის სამშვინველში ჩადებულია ლტოლვა განსატანებისკენ; გაცნობიერებულად თუ არა, გაუცნობიერებლად მაინც.
32. (გვ.39) დელავინი: „თუ ბედნიერება გინდა უკეთესი იქმენი“.
ადამიანმა კეთილსინდისიერად უნდა ააწყოს საკუთარი ცხოვრება ისე, რომ გამოადგეს არა მარტო საკუთარ თავსა და ოჯახს, არამედ მთელ საზოგადოებასაც. ამასთან, ქმედების ენერგიად უნდა ავირჩიოთ სიყვარული და არა სიძულვილი. კეთილშობილური მიზნების აღსრულების საპასუხოდ კი, როგორც წესი, ღმერთი ბედნიერებით დაგვაჯილდოვებს . . .
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:26 | შეტყობინება # 6
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
33. (გვ.39) დელავინი: „სიყვარულზედ იგივე ითქმის, რაც წვეტიან მთაზედ, ახვალ თუ არა წვეტზედ, უნდა ძირს დაეშვა“.
მას შემდეგ, რაც სიყვარულით „წვეტზე“ ახვალთ, ღმერთის შესაგებებლად უნდა გაფრინდეთ (ფიზიკურად გაფრენაზე არ ვლაპარაკობ). თუმცა ეს რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ფრენას ყველა ვერ შეძლებს და მაშინ . . . ღმერთთან მისვლა მხოლოდ უდიდესი რწმენის ფასად უანგარო სიყვარულითა და ეგოიზმისგან განთავისუფლების გზითაა შესაძლებელი!
34. (გვ.40) დელილი: „პატიოსანი იგია, რომელიც იმოდენა სიკეთესა იქმს, რამდენიც შეუძლია“.
სიკეთის კეთების დროსაც კი მთავარია მოტივი, თორემ არ არის გამორიცხული ადამიანმა აკეთოს სიკეთე ბოროტგანზრახვით. წლების წინ გაზეთ „მაცნე“–ში გამოვაქვეყნე სტატია სათაურით – „ქვეყანა სავსეა კეთილი ეგოისტებით“, რომელიც ეხმიანება სიკეთის თემას. ასე რომ, პატიოსნება სიკეთის კეთებით არ იზომება. პატიოსნების არსი სინდისის მორჩილებაში ძევს.
35. (გვ.40) დემოკრიტე: „აწმყო ეკუთვნის ცოცხალთ, ნამყო მეცნიერთ და მერმისი – დიდბუნოვანთ კაცთა“.
დიდბუნოვან ადამიანებს, რომლებიც თავისი ბუნებით მეცნიერები და ფილოსოფოსები არიან, ადარდებთ კაცობრიობის მომავალი და ეძებენ გამოსავალს კაცობრიობის გადარჩენისთვის და კეთილდღეობისთვის – აკვირდებიან მოვლენებს და შეიმეცნებენ ჭეშმარიტებას. ამ მხრივ პარაზიტობენ რიგითი ადამიანები – „დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს“ და ყველაფერში მოსწრებაზე არიან; ხშირად რელიგიურ ცნებებსაც თავისი ეგოისტური ინტერესების მიხედვით ასხვაფერებენ და ამ სახით ურცხვად იყენებენ.
36. (გვ.41) დესორმი: „გენიოსისათვის მარტო ერთადერთი წიგნია და იგი წიგნი ბუნებაა“.
გენიოსებმა ბუნების გარდა სხვა წიგნებსაც უნდა დაუთმონ დრო, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ დაინტერესდნენ თუ როგორ წაიკითხეს წიგნი–ბუნება სხვა გენიოსებმა . . .
37. (გვ.41) დიდრო: „გულწრფელობა დედაა სიმართლისა და ნიშანი პატიოსანი კაცისა“.
ყველა სიკეთესთან ერთად გულწრფელობა სიყვარულის მთესველია. თუმცა სიფრთხილე მაინც მართებს გულწრფელ ადამიანს – ყველასთან არ ღირს გულის გადაშლა და სიყვარულის გაზიარება.
38. (გვ.42) დრაკონი : „რაც გინდა დიდი უბედურება შეგვამთხვიოს ბედმა, ყველას გავუძლებთ თუ უბედურებას სინდისის ქენჯნა თან მოსდევს“.
უბედურების გაძლებაში ჩვენ ყველაზე მეტად ღმერთის რწმენა და რაინდული სული (ვაჟკაცობა) გვეხმარება, სინდისის ქენჯნა კი ჩადენილი ცოდვების მონანიებაში წაგვადგება.
39. (გვ.42) დუბუა: „სიბრძნე ის კი არ არის, რომ ვნებათა ღელვანი ჩავიკლათ, არამედ ისა, რომ ისინიც ჩვენდა საბედნიეროდ წარვმართოთ“.
ვნებათაღელვა მამოძრავებელი ძალაა და იგი გონივრულ კონტროლს რომ დავუქვემდებაროთ, ღირებულებათა სისტემა უნდა გვქონდეს მოწესრიგებული. ვნებათა ღელვამ უფსკრულში რომ არ გადაგვჩეხოს, გონს უნდა მოვუხმოთ და სინდისის მიხედვით ვიმოქმედოთ, რათა ზიანი არ მოვუტანოთ არც საკუთარ თავს და არც სხვას.
40. (გვ.45) ეზოფი: „უნარი ნიჭი არ არის, ხოლო ნიჭი შემოქმედებას შორს ჩამორჩება“.
ნიჭი განსაკუთრებული უნარია, ხოლო შემოქმედება – განსაკუთრებული ნიჭი.
41. (გვ.46) ეპიკურე: „დიდნი უბედურებანი დიდ ხანს არ გასტანენ, წვრილნი ხომ ყურადღების ღირსნიც არ არიან“.
უნდა შეგეძლოს უბედურებას თვალი გაუსწორო და არ შედრკე – წაქცეული ფეხზე უნდა წამოდგე და შეებრძოლო უბედურების მიზეზებს.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:27 | შეტყობინება # 7
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
42. (გვ.47) ეშენბახი: „ძალიან დიდი გონება უნდა, რომ ადამიანი ყოველთვის კეთილი იყო“.
დიდი გონება უნდა, რომ ყოველთვის კეთილი არ იყო და კიდევ უფრო დიდი გონება უნდა, რომ კეთილი იყო იქ, სადაც საჭიროა.
43. (გვ.48) ეშენბახი: „ახალ ბედნიერებასაც მიჩვევა უნდა“.
ამბობენ – მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. რომც შეგეძლოს, ამის გაკეთება ძნელია და კიდევ უფრო ძნელია იმის გარკვევა თუ რა შემთხვევაში იქნება გამართლებული მიჩვევა–გადაჩვევა და რა შედეგს გამოიღებს ასეთი საქციელი მარტო დღევანდელი კი არა, არამედ მომავალი ბედნიერებისთვისაც.
44. (გვ.50) ვებერი: „განათლებული ბარბაროსი ყოველ ბარბაროსზე უბოროტესი არსებაა“.
იმ კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც ფული მართავს ყველაფერს, ბუნებრივია არ მიაქცევენ ყურადღებას ბავშვისაგან ბარბაროსი გამოვა თუ კეთილსინდისიერი ადამიანი – მშობელი ფულს გადაიხდის და მასწავლებელიც ყველა პირობის გარეშე ვალდებულია ბავშვს განათლება მიაღებინოს. უფასო განათლების სისტემის მქონე სოციალისტურ ქვეყანაში კი, თუ საზოგადოება დააფასებს მაღალი კომპეტენციის მქონე სულიერ მასწავლებელს, სკოლის შენობითა და ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს, მაშინ იგი თავისი სკოლისთვის შეარჩევს რომელ ბავშვს მიეცეს განათლება და რომელს – არა. ცხადია პარალელურად ჩვეულებრივი უფასო სკოლებიც უნდა არსებობდეს, სადაც განათლებისთვის ყველა ბავშვს მიიღებენ სულიერი გადამოწმების გარეშე, მაგრამ სულიერი მასწავლებლის სკოლადამთავრებულებს მეტი პრესტიჟი და პრივილეგია ექნებათ.
45. (გვ.50) ვებერი: „განა შეიძლება რომ მტარვალნი მეცნიერების პატივისმცემელნი იყვნენ? ქურდს აბა ფანარი როდის ყვარებია?“.
სახელმწიფოს მართვას მკაცრი ხელი სჭირდება, მაგრამ ვისაც მკაცრი ხელი აქვს, ყველა მტარვალი არ არის. მაგალითად, ბევრი მიიჩნევს, რომ სტალინი ტირანი იყო, მაგრამ – არა! სტალინი განსაკუთრებულად სცემდა პატივს მეცნიერებას და მეცნიერებს . . .
46. (გვ.50) ვერგილიუსი: „ვინც ხბო მოიპარა, ის ხარსაც მოიპარავს“.
ნათქვამია – მადა ჭამაში მოდისო, თუ ქურდი, ბავშვი იქნება ის თუ დიდი, არ დავიჭერთ და არ ვამხილეთ, მას გაუტკბება ქურდობა და სულ უდრო დიდ ლუკმებს გადაყლაპავს.
47. (გვ.50) ვეისი: „ბედნიერია ის, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ის, რაც ჰსურს; უფრო ბედნიერია ის, ვისაც მხოლოდ ისა ჰსურს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია“.
რა გამოდის – რაც ნაკლები რამ გვსურს, მით მეტი შანსი გვექნება ვიყოთ ბედნიერი, თითქოს ბედნიერება უვარგისი ხალხისთვის იყოს მოგონილი – ნატვრაშიც რომ არ უქნია ღმერთს. ადამიანი ამბიციური თუ არ იქნა ისე რა გემო აქვს ცხოვრებას?! რაც უფრო ძნელი ასასრულებელი იქნება სურვილი, მით უფრო დიდ ბედნიერებას მიგვანიჭებს მისი ასრულება. ბედნიერება დიდი ტანჯვის ფასადაც შეიძლება მოიპოვო და უტანჯველადაც შეიძლება გარგუნოს იგი ბედმა.
48. (გვ.51) ვეისი: „ჭეშმარიტება თუ ციდან ჩამოვა და ჩვენს შორის დასახლებას მოიწადინებს, ჩვენი სულელობის ტყაპუჭში უნდა გაეხვიოს და ისე დაიმალოს თავი, თორემ უგუნურებას შევწამებთ“.
თავის მოსულელებით ბევრ კაცს გადაურჩენია თავი და ბევრი კარგი საქმეც გაუკეთებია (ამის მაგალითია სალოსი, რომელიც თავს იგიჟიანებს). სხვანაირად ამდენ სულელებს რა გაუძლებს – მათ ხომ პოზიციები აღებული აქვთ.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:29 | შეტყობინება # 8
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
49. (გვ.51) ვეისი: „თუ იპოვით იმისთანა კაცს, რომ კეთილი იყოს, მცოდნეც და მაგარი ხასიათისაც, თამამად შეგიძლიათ სთქვათ, რომ მერვე სასწაული ქვეყნისა ვნახეო. ჭაბუკნო, რომელთაც სახელის შოვნა გწყურიათ – გახსოვდეთ, რომ ამ სამ ღირსებაშია მოთავსებული ყველა იგი დაფნის გვირგვინი, რომელსაც თქვენ ეტანებით და რომელსაც თქვენა ჰნატრობთ“.
სიკეთით ბევრი არ გამოირჩევა; გონებამახვილნიც ცოტანი არიან; მედგარი სულისანიც (ვაჟკაცური ბუნების უდრეკი ადამიანები) კიდევ უფრო ცოტანი არიან და ბოლოს სულ ცოტაა ისეთნი, ვისაც ჭეშმარიტება სწყურია. ასეთ რთულ სიტუაციაში განა რამდენი მოწაფის შეგროვებას მოახერხებს სულიერი მასწავლებელი, რათა ჩამოყალიბდეს ისეთი ავანგარდი ძალა, რომელიც შესძლებს დააყენოს ხალხი ჭეშმარიტად გამაჯანსაღებელ გზაზე მაქსიმალური ბედნიერების მისაღწევად.
50. (გვ.53) ვეიდი: „ზოგჯერ შესდექით და ნურას დროს კი უკან ნუ დაიხევთ“.
ზოგჯერ უკან დახევაც საჭიროა.
51. (გვ.53) ვეისი: „ცოცხლად ყოფნა გრძნობით ყოფნაა და ამიტომ იგი მეტად ცოცხალია ვინც მეტად გრძნობს“.
სიცოცხლის ხარისხები მართლაც არსებობს. ორგანიზმი მით უფრო ცოცხალია, რაც უფრო რთულ ფუნქციას ასრულებს იგი. ამ განმარტების მიხედვით გამოდის, რომ ცოცხალ არსებებს შორის ყველაზე ცოცხალი ადამიანია. ადამიანებს შორის კი ის პიროვნებაა მეტად ცოცხალი, რომელიც უფრო განვითარებულია. სიცოცხლის ხარისხი და ფასი განსაკუთრებით მატულობს გამძაფრებული შეყვარებულობის პერიოდში (ფაზაში).
52. (გვ.54) ვოვენარგი: „თუ აზრი იმდენად სუსტია, რომ სადა სიტყვით არ გამოითქმის, ეს ნიშანია იმისი უვარგისობისა“.
თუ აზრის სიტყვებით გამოთქმა უჭირთ, ეს ნიშნავს, რომ იგი დაულაგებელია, ბუნდოვანია და ჯერ კიდევ არაა გააზრებული.
53. (გვ.54) ვოვენარგი: „ვისაც დრო არაფრად უღირს, იგი არ არის დაბადებული დიდებისთვის“.
პირველ რიგში თავისი თავის ფასი ადამიანმა თავად უნდა იცოდეს და სხვები თუ არ განადიდებენ, ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს. ბრიყვ საზოგადოებაში დიდების მოპოვების შანსი უღირს ადამიანებს უფრო აქვთ, ვიდრე ღირსეულთ. ღირსეული ადამიანისთვის კი მთავარი საზრუნავი დიდების მოპოვება კი არა, იმ გარემოს გაჯანსაღება და გაუმჯობესება უნდა იყოს, რომელშიც მას უხდება ცხოვრება და ამხელა საქმის პატრონი, დროის დეფიციტს იგი ყოველთვის განიცდის. ვისაც დრო არაფრად უღირს, იგი არაა დაბადებული სიცოცხლისთვის. გადაჭარბებული აჩქარება კი სახიფათოა – ნათქვამია: „მოჩქარეს მოუგვიანდესო“.
54. (გვ.54) ვოვენარგი: „წრეს გადასული მიუნდობლობა იმდენადვე მავნებელია, რამდენადაც წრეს გადასული ნდობა“.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 24.07.2012, 15:30 | შეტყობინება # 9
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
„ზომიერება“ – ეს უძვირფასესი დარიგება ყოველთვის გამოსადეგია, ზედმეტი მიუნდობლობით ადამიანს ბევრად მოაკლდება სიყვარული და ბედნიერება, ხოლო ზედმეტი ნდობით ბევრ ხიფათს გადააწყდება.
55. (გვ.55) ვოლტერი: „ძალმომრეობას უფრო ადვილად იტანს კაცი, ვიდრე უსამართლობას“.
„მონური სულის“ ადამიანი მზადაა მთელი ცხოვრება მორჩილებაში გაატაროს და ვერ ბედავს წინ აღუდგეს უსამართლობას. ასეთი ადამიანების სიმრავლე საბუთია კაცობრიობის არასრულფასოვნებისა . . .
56. (გვ.55) ვოლტერი: „თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს დამოკიდებული“.
ყოველგვარი დამოკიდებულება ზღუდავს თავისუფლებას, მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა ავიტანოთ, თუ იგი სამართლიანია.
57. (გვ.55) ვოლტერი: „დრო ხანგრძლივია მათთვის, ვინც კარგადა ხმარობს: ვინც იხარჯება, აზროვნებს და ფიქრობს, იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე“.
სუბიექტური განცდის მიხედვით დრო მით უფრო ჩქარა გარბის, რაც უფრო ჩქარა ვხარჯავთ მას ნაყოფიერად. ამ შემთხვევაში არ უნდა გვეშინოდეს წლების მომატების (წლები ჩვენი სიმდიდრე და სიამაყეა), რადგან ახლაგაზრდული ენერგია და ჯანმრთელობა დიდხანს არ შეგვინარჩუნდება!
58. (გვ.56) ვოლტერი: „ზემოქმედება ჩვეულებისა ბუნების მბრძანებლობაზე უფრო დიდი და ვრცელია“.
ნათქვამია – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. დიახ, ძნელად თუ ვინმე უმკლავდება ჩვეულებას, ისეთ ელემენტარულსაც კი, როგორიც სიგარეტის წევაა. ბუნება არავითარ ბრძანებებს არ იძლევა. ბუნება კი არა, ღმერთიც კი არ იძლევა ბრძანებებს, რომელიც ვოლტერს არ სწამდა.
59. (გვ.57) ვოლტერი: „სიცრუე დიდი ბიწიერებაა მაშინ, როცა ბოროტს მოახდენს, ხოლო როცა კეთილს იქმს, მაშინ იგი დიდი სათნოებაა“.
კეთილი და ბოროტი საბოლოო შედეგის მიხედვით განისაზღვრება, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი საქმე არ არის. ტყუილის თქმა რისკთან არის დაკავშირევული, რადგან უნდა იცოდე ვინ მოატყუო და ვინ – არა. სიმართლის თქმა ზოგჯერ ღვთისნიერი ადამიანებისთვისაც კი საფრთხილოა.
60. (გვ.57) ვოლტერი: „სხვა არა არის ისე ძნელი სათქმელი კაცთათვის, როგორც მართალი“.
სამწუხაროდ, ადამიანთა ამპარტავნობას არ აქვს საზღვარი, ისინი ვერ იტანენ სიმართლეს, რომელიც მათ ამხელს. ამიტომ დიდად დასაფასებელნი არიან ის უმცირესი ნაწილი პიროვნებებისა, რომლებიც მშვიდად ისმენენ საკუთარი ნაკლოვანებების აღწერას, როცა ეს ნიშნის მოგებით არ ხდება.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:32 | შეტყობინება # 10
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
61. (გვ.57) ვოლტერი: „პოეტის თარგმნა შეუძლებელია“.
ჯერ ერთი – ლექსის მიხედვით ხშირად ვერ გაიგებ რისი თქმა უნდოდა პოეტს. მეორეც – თარგმნა იწვევს აზრის გარკვეულწილად დამახინჯებას და მაინც თარგმნა საჭიროა, რათა ბევრისათვის მიახლოებით მაინც გახდეს ხელმისაწვდომი უცხო ენაზე შექმნილი შედევრების გაცნობა . . .
62. (გვ.58) თალმუდი: „ჭკვიანს ბევრი ლაპარაკი არ უხდება და სულელს ხომ სულ არ შეჰფერის“.
რა საკადრისია ლაი–ლაი?!
63. (გვ.59) იულიუს–კეისარი: „ადვილად დაიჯერებს ხოლმე ადამიანი იმას, რაც მისთვის სასურველია“.
ბევრი ადამიანი თავის თავის მოტყუებით გულს იმშვიდებს და იმედიც ესახება. თავიანთი იდეოლოგიის გასამტკიცებლად ადამიანების ამ თვისებას წარმატებით იყენებენ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებები. ჭეშმარიტებას ბევრი მტერი ჰყავს ნაკლოვან ადამიანებში!
64. (გვ.60) იუვენალი: „სიბრძნე თვითონ ბედსაც სძლევს“.
ცხადია ჭკვიანურად გატარებული ცხოვრება და უჭკუოდ გატარებული ცხოვრება დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გონიერება ცხოვრების ტრაექტორიას სასიკეთოდ ცვლის, მაგრამ შემთხვევითობას (ბედს) ისეთი შეშფოთებები (ცვლილებები) შეაქვს ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათზე სიბრძნეს და სიბრიყვეს ხელი არ მიუწვდებათ.
65. (გვ.60) იუვენალი: „ჯანმრთელი სული მხოლოდ ჯანმრთელ სხეულში იმყოფება“.
იდეალურად ჯანსაღი სული მხოლოდ ღვთაებრივი სულია და იგი სათანადო პირობებში სამშვინველში თავსდება, საიდანაც გამოდევნის მასში მყოფ დანარჩენ სულებს. სამშვინველის სიჯანსაღე კი არ არის დამოკიდებული სხეულის სიჯანსაღეზე – იგი ყოველთვის ჯანმრთელია.
66. (გვ.61) კანტი: „გონიერება ჭეშმარიტებათა შორის არსებული კავშირის გამოცნობას ეწოდება“.
გონიერება ცხოვრებაში მომგებიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის გამონახვის უნარია და საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირებს სწორად ხედავს და აფასებს.
67. (გვ.62) კატონი: „ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს“.
ვისაც სული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს და გულიც ანთებული აქვს სიყვარულის ცეცხლით.
68. (გვ.62) კვინტილიანე: „ცრუს ძალიან კარგი მეხსიერება უნდა ჰქონდეს“.
მატყუარას კარგი მეხსიერება რომ არ ჰქონდეს, ისე რა დაიმახსოვრებს ამდენ ტყუილებს, მახეში რომ არ გაებას.
69.(გვ.63) კონფუცი: „მითხარ რა იყავი, გეტყვი რა იქნები“.
აწმყო მხოლოდ ალბათურად განსაზღვრავს მომავალს და ვერავინ დასვამს სწორ პროგნოზს. მხოლოდ ბრძენ და კარგად ინფორმირებულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს შეძლებისდაგვარად სწორი პროგნოზი მოვლენების განვითარებისა.
70. (გვ.67) ლამარტი: „ერთი ნიშანი ჭკუამოკლეობისა იგია, როცა კაცი დაიწყებს ამბების თქმას და აღარ ათავებს“.
მსუბუქი ჭკუის ადამიანებს ახასიათებთ უამრავი მანკიერება – აცუნდრუკება, ნარცისიზმი, ცინიზმი, ინფანტილიზმი, არასერიოზულობა, მაიმუნობა, მანჭვა–გრეხა, ტყუილები და სხვა.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:32 | შეტყობინება # 11
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
71. (გვ.67) ლამარტინი: „სინდისი – კანონთა კანონია“.
კანონები სინდისიერმა ხალხმა უნდა შეადგინოს, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად აკლია პატიოსანი კანონშემომქმედნი. ისინი ძირითადად ხელისუფლების შეკვეთას ასრულებენ. ასე გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მეცნიერული რელიგია, რომელიც წარმოაჩენს ხელისუფალთა ნამდვილ სახეს და ყველაფერს ღვთაებრივი ნების აღსაქმელად და შესასრულებლად წარმართავს.
72. (გვ.68) ლანენდეიკი: „ნახევარ სწავლულნი უფრო ბევრს გვავნებენ, ვიდრე მთელი მილიონი სულელნი ერთად“.
მართალია დილეტანტებს არ შეიძლება მივანდოთ სერიოზული საქმეები, მაგრამ ხშირად სიახლეთა აღმოჩენაში ისინი უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე სწავლაგადაკლულნი (სწავლით გამოშტერებულნი). მთავარია დილეტანტი არ იყოს მეტიჩარა და ზედმეტად არ აქტიურობდეს – არ ეტენებოდეს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, თორემ თუ ის არ ჩქარობს და საქმის სიყვარულით ილტვის შემეცნების სიღრმეებისკენ, თანდათანობით საუკეთესო პროფესიონალად ჩამოყალიბდება. სხვა საქმეა რამდენად ობიექტურად შეაფასებს მას საზოგადოება . . .
73. (გვ.68) ლაპლასი: „მასალის შეკრება და შეგროვება ადვილია, ხოლო აგება შენობისა გენიოსის საქმეა“.
თვით შრომატევადი პროცესი საკვლევი მასალების შეგროვებისა, გენიოსს კიდევ უფრო გააძლიერებს შედევრების შესაქმნელად. მას ნამდვილად წაადგება გაუგოს გემო „მშენებლობის“ ყველა ეტაპს, დაწყებულს მასალების შეგროვებიდან. ამ საწყის ფაზაშიც შეიძლება საინტერესო აღმოჩენების მიგნება.
74. (გვ.68) ლა–როშფუკო: „ჭკუას უფრო დიდი სიკეთე მოაქვს ქვეყნისთვის, ვიდრე ქონებას; სისულელეს უფრო მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე ბოროტმოქმედებას“.
ჭკვიანი ადამიანი თუ ჭკვიანმა ადამიანებმა არ შეაფასეს, სხვა ვინ შეაფასებს? მაგრამ, სამწუხაროდ, ჭკუა დეფიციტია და ამიტომაა ამ ქვეყანაზე ამდენი უბედურება. ხელისუფლება კი უამრავი ხერხებით ხალხს ასულელებს, რადგან ბრიყვებს ადვილად ატარებს თავის ჭკუაზე და მათ გარემოცვაში თავსაც უშიშრად გრძნობს. ნათქვამია – ბრიყვი მეგობარი მტერზე უფრო საშიშიაო, მაგრამ ხელისუფალნი თავის გარემოცვას სულაც არ აღიქვამენ მეგობრებად. ერთი სიტყვით, ირგვლივ სულელების დოღია და ამას კიდევ უამრავი მიზეზი აქვს . . .
75. (გვ.69) ლა–როშფუკო: „ყველაზე უმშვენიერესი მადლი კაცთადმი მინიჭებული, ჯერ სიბრძნეა და მას შემდეგ მეგობარი“.
ბრიყვების ქვეყანაში სიბრძნე ჩირადაც არ ფასობს; ჭეშმარიტ მეგობრობაზე კი წარმოდგენაც არ აქვთ. ჭეშმარიტი მეგობარი არ გაგინაწყენდება, თუ სიბრძნეს მასზე წინ დააყენებ. ბრიყვი ვერ გახდება ჭეშმარიტი მეგობარი.
76. (გვ.70) ლა–როშფუკო: „ერთგვარად სასურველი არ არის სიჭაბუკეს მოკლებული სილამაზე და სილამაზეს მოკლებული სიჭაბუკე“.
მუდამ სასურველი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება იმდენად დიდხანსაა შესაძლებელი, რომ დღეს ადამიანებს ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდებათ. იქნებ უკვდავებასაც გამოჰკრან ხელი!
77. (გვ.71) ლა–როშფუკო: „განშორება პატარა სიყვარულს ასუსტებს, დიდს კი აძლიერებს; იგი ქარსა ჰგავს, რომელიც სანთელს აქრობს და დიდ ალს კი უფრო განადიდებს ხოლმე“.
როცა რაღაცას ჰკარგავ, მაშინ გებულობ მის ფასს. განშორება სიყვარულს კი არ აძლიერებს, არამედ აფხიზლებს, რათა განშორებამ ზომაზე მეტად არ დააყოვნოს, თორემ სიყვარული თანდათან მივიწყებას მიეცემა. „პატარა სიყვარული“ კი საერთოდ სახსენებელიც არაა.
78. (გვ.72) ლა–როშფუკო: „ხსოვნას ყველა კაცი უჩივის, თავის ჭკუას – არავინ“.
ბუნებრივია, რომ ცხოვრების მანძილზე მახსოვრობა იმდენად იტვირთება და ყურადღება იმდენად განიბნევა უამრავ პრობლემაზე, რომ ადამიანს თანდათანობით სულ უფრო მეტად უჭირს ოპერატიულ მახსოვრობაში ინფორმაციის ჩაწერაც და ამოქაჩვაც, რაც სულაც არ ამცირებს მის ღირსებას. უჭკუობა კი ადამიანისთვის ყოველთვის დამამცირებელია.
79. (გვ.72) ლა–როშფუკო: „კერპობა, ნიშანია ჭკუანაკლებობისა და უმეცრებისა“.
სიჯიუტე ნიშანია გამწვავებული ეგოისტობისა და ზიანს აყენებს ჭკუას.
80. (გვ.73) ლა–როშფუკო: „ჩვენ ყოველთვის ისინი გვიყვარს, რომელნიც ყურადღებით გვეკიდებიან და არა ისინი, რომელნიც ჩვენის ყურადღების ღირსნი არიან“.
რაც უფრო ვიზრდებით სულიერ–ინტელექტუალურად, მით უფრო გვიყვარდება ის ადამიანები, ვინც ამის ღირსნი არიან.
81. (გვ.76) ლიუთერი: „არასოდეს არ ინანებს კაცი, თუ ადრე ადგა ძილისაგან და ცოლი ადრე შეირთო“.
ოჯახის ადრე შექმნის სურვილი ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ცუდი არ იქნება თუ დროულად (ადრე) გამოძებნი მეუღლეს, რათა ეს საქმე მოილიო და აწი მაღალ იდეალებსაც ემსახურო, ოღონდ მეუღლემ არ უნდა შეგზღუდოს და არ უნდა დაგჩაგროს. ხოლო ვისაც ცხოვრება გასართობი მოედანი ჰგონია, ცხადია თავისუფლებას არ მოიკლებს და ოჯახსაც მოგვიანებით მოეკიდება, რათა სიბერეში მარტო არ დარჩეს.
82. (გვ.77) მადამ დე–სტალი: „მამაკაცს შეუძლია ყური არ ათხოვოს ქვეყნის მითქმა–მოთქმას, დედაკაცს კი – უნდა ეკრძალებოდეს“.
დედაკაცი ძნელად თუ შესძლებს მიაღწიოს სულიერ–ინტელექტუალური განვითარების იმ მაღალ დონეს, რომლის დროსაც მისთვის სირცხვილისაგან განთავისუფლება დასაძრახი არ იქნება. თუ ეს მან შესძლო, მაშინ მას გონიერება და სინდისი ეყოფა გაუმკლავდეს საზოგადოების გაუმართლებელ ზეწოლებს.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:34 | შეტყობინება # 12
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
83. (გვ.78) მანცონი: „კეთილმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება“.
ვაჟას სიტყვები: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. ამის ძირითადი მიზეზი შურიანობაა – შურიანი ადამიანი ვერ იტანს კარგი ადამიანის წინსვლას ცხოვრებაში, რადგან იგი თავის კონკურენტად მიაჩნია.
84. (გვ.80) მერიმე: „ფლიდი და უწმაწური გული თვით უპატიოსნეს საქციელსაც უწმინდურობას შესწამებს“.
„Каждий судит по своей испорченности“. ადამიანს სხვაც ისეთი ჰგონია, როგორიც თვითონ არის. მხოლოდ სულის მკვლევარები და ჭეშმარიტების მოყვარულნი ხდებიან სულთამხედველნი.
85. (გვ.80) მილერამი: „სადაც ჯაშუშებს ჯილდო ეძლევათ, იქ ბრალიანნი ყოველთვის მრავლად იქნებიან“.
ჯაშუშების დაჯილდოება ხალხის გარყვნის ეფექტური მეთოდია.
86. (გვ.80) მილერი: „ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა გავს“.
დიდი მჭვრეტელობა და გამოცდილება გჭირდება სხვის სიყვარულს რომ გაუგო, როცა საკუთარ სიყვარულშიც ვერ ერკვევი კარგად.
87. (გვ.80) მირაბო: „კარგი მეხსიერება სიცოცხლეს აორკეცებს“.
ცუდი მეხსიერება სიცოცხლეს უწამლავს კაცს.
88. (გვ.81) მონტესკიე: „ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტის–მეტი ყბედია; ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს“.
ვინც ბევრს ლაპარაკობს, იგი ხშირად ხმამაღლა ფიქრობს – ჯერ მოფიქრებულიც არ აქვს წესიერად, რასაც იგი ახმიანებს.
89. (გვ.81) მონტესკიე: „უქმობა ყველა სენზე უფრო მეტად აუძლურებს ვაჟკაცობას“.
უქმობა აუძლურებს ყველაფერს.
90. (გვ.82) მოპასანი: „სიცოცხლე მთაა, მის მწვერვალზე ასვლით ნელ–ნელა ადიხართ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვებით“.
მწვერვალიდან სწრაფად დაშვება ჩვეულებრივ მოკვდავთა ხვედრია, ხოლო რადენად უკეთესი იქნება ღვთის რჩეულთა ბედი, ამის გაგებას შეიძლება საუკუნეებიც კი დასჭირდეს.
91. (გვ.83) ნოვალისი: „ხასიათი განმტკიცებული სურვილია“.
ხასიათი განმტკიცებული ზნე–ჩვეულებებია.
92. (გვ.84) ორასი: „ბედნიერთა უბედურება მოწყენაა“.
ბედნიერება და უბედურება ერთმნეთთან შეუთავსებელია. ბედნიერი ვერ იქნება მოწყენილი.
93. (გვ.85) პასტერი: „ნახევარცოდნა ბევრჯერ უცოდინარობაზე უარესია“.
ნახევარცოდნა ხშირად იმის გაბედულებას აძლევს ადამიანს, რომ პროფესიონალივით გაბედულად იმოქმედოს იქ, სადაც მას ნაკლებად რამე გაეგება და ამის გამო ბევრ რამეს გააფუჭებს.
94. (გვ.85) პელიკო: „სიყვარული ეჭვის მჭედელია“.
სიყვარულიდან გამომდინარე ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ბევრი უბედურება დატრიალებულა და თანაც უსაფუძვლოდ. ამის გამო ზოგიერთები სიყვარულს ბოროტებასთანაც კი აიგივებენ. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ ზოგჯერ სიკეთის მთესველმაც შეიძლება მოიმკოს ბოროტება.
95. (გვ.85) პენი: „საკმაო არ არის კაცმა ცოდნა შეიძინოს, ისიც უნდა იცოდეს როგორ გასცეს იგი სამატებლად“.
უნდა იცოდე ვის გაუზიარო შენი ცოდნა და ვის – არა. რატომ უნდა გააძლიერო მტერი შენი ცოდნით. ცოდნა იყოფა სხვადასხვა სფეროებად. ყველაზე მთავარი და ძვირფასი სულიერი ცოდნაა.
96. (გვ.85) პერი: „მხოლოდ ის ადამიანი მოიპოვებს თავისუფლებას, ვინც თავის თავის მართვას ისწავლის“.
ის ადამიანია თავისუფლების ღირსი, ვინც თავის თავის მართვას ისწავლის კეთილგანწყობით.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:35 | შეტყობინება # 13
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
97. (გვ.86) პეტიტსენი: „რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში მაინც ყველაზედ მეტი ადგილი უჭირავს“.
პატიოსან გულში ყველაზე მეტი ადგილი სამართლიანობის სიყვარულს უნდა ეჭიროს, ანუ ადამიანს პირველ რიგში ღმერთი უნდა უყვარდეს.
98. (გვ.86) პოლ დე–მონტი: „ნაკლოვანება სილამაზისა ხშირად დედაკაცს ხელს უწყობს ჭკუითა და გონებით განვითარდეს“.
ლამაზ ქალს გზა ხსნილი აქვს მაღალი საზოგადოებისკენ. იგი ცხოვრების სხვა გამოცდილებას ღებულობს ულამაზოსთან შედარებით. ბევრ მათგანს ჭკვიანი მამაკაცები უფრო მოსწონს, ვიდრე ლამაზები და ამიტომ მეტი შანსი აქვს იმ ძვირფას ცოდნასა და გამოცდილებას დაეუფლონ, რომელსაც ჭკვიანი მამაკაცები არ იშურებენ მისთვის. რაც შეეხება ბავშვური სილამაზის მქონე ინფანტილურ ქალებს, ისინი ფიზიკურ სილამაზეს უფრო აქცევენ ყურადღებას და თავისნაირი ცერცეტი მამაკაცების მსხვერპლნი ხდებიან.
99. (გვ.86) პოლ დე–მონტი: „დიდ ხანს საწოლში დარჩენა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ამქვეყნად არაფრისთვის არ არის გამოსადეგი“.
შრომისაგან მოქანცული სხეული ძალების აღსადგენად მოითხოვს დიდხანს ძილს.
100. (გვ.87) პოლ დე–მონტი: „სიცრუეს ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე შეხვდები: ჭეშმარიტებას კი ძებნა უნდა“.
ჭეშმარიტება ისეთ ობიექტურ სიმართლეს გამოხატავს, რომელიც წარმოადგენს უამრავი მოვლენებისა და საგნების არსს. ამასთან, მათი კავშირების კანონზომერებების დასადგენად მოგვიწევს მათ არსს ჩავუღრმავდეთ, რათა შევკრათ ცოდნის გლობალური სურათი. სამწუხაროდ, ცოტას თუ ყოფნის ინტერესი (სიყვარულის განსაკუთრებული ფორმა) და ნებისყოფა არსში ჩასაწვდომად, თორემ აბსოლუტური ჭეშმარიტების მარგალიტები ყოველ ნაბიჯზეა ჩამარხული.
101. (გვ.87) პოლ დე–მონტი: „ხშირად ჩვენ საქმეს ღმერთს შევავედრებთ ხოლმე, რომ საზრუნავი მოვიშოროთ და სიზარმაცით დავტკბეთ“.
სამწუხაროდ, უფრო ხშირად ადამიანები იმას კი არ ცდილობენ, რომ ღმერთი შეიმეცნონ და შეიგრძნონ მისი ჭეშმარიტი არსი – სამართლიანობა და სიყვარული; გაარკვიონ რა კავშირი უნდა არსებობდეს ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ ქვეცნობიერად სურთ ლოცვების მეშვეობით ღმერთი ისეთ მსახურად გაიხადონ, რომელიც მათ სურვილებს შეუსრულებს. ლოცვები (მედიტაციები) მხოლოდ ადამიანის სულზე და სხვა მონაცემებზე ახდენენ დადებით ზემოქმედებას, მის ინტელექტს კი ასუსტებენ. ყოველივე ამის შესატყვისად ღმერთის დამოკიდებულებაც იცვლება ადამიანის მიმართ, მაგრამ არა ისე, რომ პირდაპირი გაგებით მან სურვილები შეუსრულოს ადამიანს.
102. (გვ.90) პონტანუსი: „ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის“.
გული არ ბერდებაო.
103. (გვ.91) ჟანპოლი: „სიყვარული დედაკაცისთვის ცხოვრებაა, მამაკაცისათვის, მარტო ამბავია ცხოვრებისა“.
არც მამაკაცმა და არც დედაკაცმა არ უნდა დაკარგონ სიყვარულის უნარი. ვინ დაადგენს, რომ მათი სიყვარული იდენტურია?
104. (გვ.22) რაბუტონი: „სიყვარული სახადი ყვავილივით არის, რაც გვიან შეგეყრება კაცს, მით უფრო საშიშია“.
რომეო და ჯულიეტას მაგალითიც კმარა დავასკვნათ, რომ სიყვარული ყველაზე მეტად საშიშია სიყმაწვილეში.
105. (გვ.93) რეინოლი: „სადაც სინდისია, იქ საკმაოა პატიოსანი სიტყვაც; სადაც სინდისი არ არის, იქ ფიციც არაფერია“.
უმაღლესი (წმინდა) სინდისის მქონე ადამიანმა არასოდეს არ უნდა დაიფიცოს (დაფიცება გინებაზე უარესია). სინდისიერ საზოგადოებაში იმდენად მაღალი იქნება ურთიერთნდობა, რომ სრულიად ზედმეტი იქნება „პატიოსანი სიტყვის მიცემა“.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:36 | შეტყობინება # 14
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
106. (გვ.93) რენანი: „საგანი მოზარდთა აღზრდისა აწინდელი საზოგადოებისათვის სიკვდილ–სიცოცხლის საგანია, რომლის გადაწყვეტისაგანაც მისი მერმისია დამოკიდებული“.
სულიერი განვითარება უპირველესია. სკოლაში თითქმის მთელი ყურადღება გადატანილია ცოდნის გადაცემაზე სხვადასხვა საგნებში, თანაც იმხელა დატვირთვით, რომ შემეცნების ხალისს უკარგავენ ბავშვებს და სკოლას სატანჯველ დაწესებულებად აქცევენ.
107. (გვ.94) რივაროლი: „სიტყვა გარეთა აზრია, აზრი შიგნითა სიტყვაა“.
„სიტყვა“ ჩანაფიქრის მიხედვით შელამაზებულად შეფუთული იმ აზრის გადაცემაა, რომელიც ჯერ ქვეცნობიერში დაიბადა და მერე ცნობიერში დამუშავდა.
108. (გვ.94) რიჩარდი: „გამოიზოგეთ დრო, დრო – ქარგაა, რომელზედაც ძაფია სიცოცხლის ქსოვისა“.
შეეცადეთ ცუდი არაფერი მოქსოვოთ თქვენი „სიცოცხლის ქარგაზე“ და დრო ტყუილად არ დაკარგოთ.
109. (გვ.94) რუკერტი: „სიყვარულისათვის დაბრკოლება ისეთი რამ არის, რაც ალისთვის – ქარი“.
დაბრკოლება გამოცდის სიყვარულს – სუსტს იგი ჩააქრობს, ძლიერს კიდევ უფრო გააძლიერებს.
110. (გვ.95) რუკერტი: „ჩვენი ჭკუა სულშია ღრმად ჩამარხული, როგორც კაჟში ნაპერწკალი; იგი თავისით არ იჩენს თავს, თუ არავინ დააკვესა“.
ჭკუას (ინტელექტს) სამშვინველი („სული“) იყენებს როგორც იარაღს (ინსტრუმენტს). ჭკუა ტვინის ზედაპირზეა განთავსებული, სამშვინველი კი – ტვინის სიღრმეში.
111. (გვ.95) რუკერტი: „კარგ ცოლ–ქმრობაში ქმარი თავია და ცოლი – გულია თავისათვის საჭირო“.
კაცი თავია, ქალი კი კისერიო – საითაც უნდა იქით აბრუნებს თავსო. საბედნიეროდ ეს ყოველთვის ასე არ არის. ღირსეული მამაკაცი თავადაა დაუფლებული ქალის მართვის ხელოვნებას.
112. (გვ.96) რუსო ჟან–ჟაკ: „ცდომისაკენ ათასი გზა მიდის, ჭეშმარიტებისაკენ – მხოლოდ ერთი“.
სივრცეში ცდომის ათასი წერტილია და გარკვეულ წერტილში მდებარე ინდივიდისთვის ამ წერტილებისაკენ მიმავალი ნებისმიერი გზა ცდომისაა. არსებობს მხოლოდ ერთი წერტილი ჭეშმარიტებისა და მისკენ მიმავალი უამრავი გზა სხვადასხვა მდგომარეობაში („წერტილში“) მყოფი ინდივიდებიდან.
113. (გვ.97) რუსო ჟან–ჟაკ: „ერი თავისუფალია, როდესაც თავის მმართველს ადამიანად კი არა კანონის იარაღად სთვლის“.
კანონის მორჩილება გამორიცხავს ერის თავისუფლებას და გამართლებულია, თუ კანონი სამართლიანია.
114. (გვ.97) რუსო ჟან–ჟაკ: „კანონი სხვა რა არის, თუ არა ხელშეკრულება, დადებული ერთმანეთ შორის საზოგადოების წევრთა მიერ“.
საზოგადოების „რჩეულ“ წევრთა მიერ შემუშავებული კანონები ვერ იქნებიან იმაზე სრულყოფილნი, ვიდრე ეს „რჩეული“ ადამიანები არიან („რაც ალხანა, ის ჩალხანაო“). ამიტომ არ უნდა ვცეთ თაყვანი ამ კანონებს, თორემ გამოვთაყვანდებით და ძალაუნებურად მონებად გადავიქცევით. უმჯობესია ასეთ კანონებს დავემორჩილოთ ნაწილობრივ ჩვენი შეხედულებებისამებრ ისე, რომ სარისკო სიტუაციებისთვისაც შეგვეძლოს გაძლება.
115. (გვ.98) სალუსტიუსი: „ხანდახან ჭკვიანიც არის ხოლმე სულელი, ხოლო სულელი კი ჭკვიანი – არასოდეს“.
გენიოსსაც შეიძლება დაებადოს დებილი ბავშვი, ხოლო დებილს გენიოსი – არასოდეს.
116. (გვ.99) საფირის ლექსიკონი: „ზარმაცმა რომ სარწმუნოებაში ხსნა მოიპოვოს, კვირა დღეს ქრისტიანი უნდა იყოს, ორშაბათს – ბერძენი, სამშაბათს – სპარსელი, ოთხშაბათს – ასირიელი, ხუთშაბათს – ეგვიპტელი, პარასკევს – ოსმალო და შაბათს – ებრაელი“.
გამოდის ზარმაცს ყოველ ღამე მოუწევს ქვეყნის გამოცვლა და იმ ქუდის დახურვა, რომელ ქვეყანაშიც მოხვდება. გამოდის, რომ ზარმაცებისთვის და უხეირო ხალხისთვის მოუგონიათ სხვადასხვა რელიგიები!
117. (გვ.99) სეგური: „წრეს გადასული უნდობლობა უტყუარი ნიშანია მშრალი გულისა და მოკლე ჭკუისა“.
წრესგადასული ნდობა უტყუარი ნიშანია ქარაფშუტობისა და უგუნურობისა.
118. (გვ.100) სეგური: ,,იშვიათია, რომ თავის შესახებ ჭეშმარიტების მოსმენა კაცს იამოს“.
გონიერებამ უნდა იმარჯვოს და ეგოიზმი გადაფაროს, რომ ადამიანმა შეძლოს ჭეშმარიტების სარკეში ჩახედვა და საკუთარი თავის ნამდვილი სახის დანახვა.
119. (გვ.100) სეგური: ,,ცოტაა ქვეყნად იმისთანა კაცი, რომლისთვისაც მართალი საწყენი არ იყოს“.
ადამიანებს უჭირთ სიმართლისათვის თვალებში შეხედვა და ეს მიუთითებს მათ არასწორ აღზრდაზე.
120. (გვ.101) სეგური: ,,არაფრად ღირს სიცოცხლე იმისი, ვისაც სიცოცხლეზედ უძვირფასესი სხვა არა მიაჩნია რა“.
სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას სიცოცხლე უმაღლეს ღირებულებად მიაჩნიათ და ნაკლებად ადარდებთ ის, რომ ფუჭად გატარებულად სიცოცხლე არაფრად არ ღირს.
121. (გვ.102) სენეკა: „ვასწავლით რა სხვას, ჩვენცა ვსწავლობთ“.
სხვების სწავლების პროცესში ხშირად თვითონაც ვამჩნევთ საგანთა და მოვლენათა შორის ახალ კავშირებს და ეს ახალი აღმოჩენები კიდევ უფრო ავსებს ჩვენი ცოდნის სეიფს.
 
zaqariaთარიღი: სამშაბათი, 07.08.2012, 12:36 | შეტყობინება # 15
უმცროსი პოლკოვნიკი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 134
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
122. (გვ.103) სენ–ბევი: „მითხარ, ვინ მოგწონს და გეტყვი ვინცა ხარ“.
დახვეწილი გემოვნების პატრონს სულიც დახვეწილი აქვს!
123. (გვ.103) სერბიის დედოფალი: „დედაკაცს მუდამ იმისთანა ქმარი უყვარს, რომელიც მბრძანებელია და ბატონობა იცის“.
დედაკაცს ვერ ეყვარება სუსტი ქმარი, რადგან ვერ ექნება იმ კაცის იმედი და ინტერესი, ვინც დაბეჩავებული ჰყავს.
124. (გვ.105) სოფოკლე: „ბევრი ლაპარაკი და ბევრის თქმა – ერთი და იგივე არ არის“.
ყბედს მსმენელი დიდხანს არ უჩერდება.
125. (გვ.106) სპენსერი: „საიდუმლოება ყმაწვილის აღზრდისა იმაში მდგომარეობს, რომ კაცმა იცოდეს ბრძნულად დროთა დახარჯვა“.
ადამიანი ვერ შესძლებს დროის ბრძნულად დახარჯვას თუ მას ცხოვრების რეალობა კარგად არ აქვს შეცნობილი და არ გააჩნია მოწესრიგებული ღირებულებათა სისტემა.
126. (გვ.106) სპენსერი: „ყველამ იცის, ვისაც კი ბუნება უცვნია, რომ თუ სხვადასხვაობა არ არის, არც პროგრესია; სხვაობა რომ არ იყოს, სიცოცხლეც არ წარიმატებოდა“.
სხვადასხვაობა ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ბუნებაში. მრავალფეროვნება და ცვალებადობა სიცოცხლეს ასაზრდოებს და ხალისს მატებს.
127. (გვ.106) სპინოზა: „ყოველივე საჭიროების შედეგია; ბუნებამ კეთილისა და ბოროტის არა იცის რა“.
ურწმუნო ადამიანების გონება ვერ წვდება ბუნებაში არსებული სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის სიბრძნეს, რომელიც კეთილის გამარჯვებით გვირგვინდება. ბუნების შემხედვარემ ღმერთი უნდა დაინახო გონების თვალით და უნდა შეიგრძნო გულით. უნდა დაინტერესდე ბუნების საიდუმლოებათა ამოხსნით.
128. (გვ.107) სტობე: „ჭკვიანი იგი კი არ არის, ვინც ბევრს აკეთებს, არამედ იგი ვინც აკეთებს იმას, რაც ჯერ არს“.
ჭკუას იზიდავს სიახლეების (Новизна) შექმნა. შემოქმედება ის თვისებაა, რომელიც ჭკუას გენიოსობამდე ანვითარებს და აღვივებს ჭეშმარიტების სიყვარულს.
129. (გვ.108) სული: „ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს“.
დროის გარეშე არაფერი არ ხდება. ყველანაირი მოძრაობა დროის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. დრო ყველაფერზე ბატონობს.
130. (გვ.108) ტალეირანი: „ყავა ჯოჯოხეთივით ცხელი უნდა იყოს, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი“.
ყავა ენერგიით გვავსებს.
131. (გვ.109) ტობენი: „გაზიარებული სიხარული ერთი–ორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება – ერთი–ორად ნაკლები მწუხარებაა“.
მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო. სიმარტოვე დამღუპველია. მეგობრები და ახლობლები ყველა ადამიანს სჭირდება. შეიძლება ადამიანი ეკონტაქტებოდეს სხვებს, მაგრამ სინამდვილეში მარტოსული იყოს.
132. (გვ.111) ფეირბახი: „სარწმუნოებისათვის მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი, რაც წმინდაა; ფილოსოფიისათვის ის არის წმინდა, რაც ჭეშმარიტია“.
რასაც სარწმუნოება წმინდანად მიიჩნევს, შეიძლება ყველაფერი არ იყოს წმინდა (მაგალითად, ჯვრის სიმბოლო) – გააჩნია რა დატვირთვა ექნება. ფილოსოფიაში წმინდანობის ცნება არ ფიგურირებს.
133. (გვ.111) ფენელეონი: ,,ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმოდენა ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.“
ადამიანისათვის რამხელა სირცხვილია – ასე ძალიან რომ ეძნელებათ საკუთარი შეცდომის აღიარება!
134. (გვ.111) ფენელეონი: ,,შეუძლებელი ნატვრა სნეულებაა ჭკუისა.“
შეუძლებელი ნატვრა უჭკუობის მაჩვენებელია.
135. (გვ.111) ფენელეონი: ,,კაცს, რომელსაც სძულს მართალი, სძულს აგრეთვე იგიცა, ვინც ბედავს სიმართლის თქმას.“
ადამიანებს გააჩნიათ სიმართლის თქმის მოთხოვნილება, მაგრამ ამას ვერ ბედავენ გარშემომყოფთა შიშით, ძნელად თუ ვინმე ბედავს მოერიოს საკუთარ კომპლექსებს და დაიცვას სიმართლე. გავიხსენოთ ქართული ფილმის სათაურიც – ,,მე ვიტყვი სიმართლეს!“ თურმე რამხელა საამაყო ყოფილა სიმართლის თქმა ამ უმწეო საზოგადოებაში!
136. (გვ.112) ფლეშიო: ,,თუ გინდა ემსახურო საზოგადოებას, ჯერ გულიდან უნდა ამოიღო შიში არ მოწონებისა.“
პარადოქსული მოვლენაა ის, რომ საზოგადოება უმადურობას იჩენს მათ მიმართ, ვინც გულწრფელად ცდილობს მსახურად დაუდგეს მას. დღევანდელ საზოგადოებას განსაკუთრებით აღიზიანებს სულიერი მასწავლებლის გამოჩენა.
137. (გვ.112) ფონტელენი: ,,ყოველი კაცი ცდება და მარტო დიდბუნოვანი კაცი კი დაინახავს და იტყვის ხოლმე თავის შეცდომას.“
თუ საჭიროება არ მოითხოვს ბრძენკაცი უნდა მოერიდოს საკუთარი შეცდომების აფიშირებას (აღიარებას) მის მიმართ მტრულად განწყობილ ბრბოში, რომელთა წარმომადგენლებიც მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ მიზეზი თუ საბაბი გამონახონ, რათა ,,გადაუარონ“ ბრძენკაცს.
 
ფორუმი » Test category » Test forum » გურამ კოპაძის კომენტარები (წიგნი “დამაკვირდი“, რომელიც მოიცავს ბრძნულ აფორიზმებს)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: