შესვლის ფორმა

ძებნა

                                                                 "ნათება"

                      

 რწმენა ცოდნაში უნდა გადავიყვანოთ


გაზეთის რედაქციამ საჭიროდ ჩათვალა ინტერნეტული გამოცემის პირველ გვერდზე განეთავსებინა გაზეთ "ნათებას" პირველ ნომერში გამოქვეყნებული მასალა, რადგანაც ჩვენი აზრით ამ ინტერვიუს ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა

(ინტერვიუ სულიერ კოორდინაციისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძვანელთან, ფიზიკოს კიბერნეტიკოს გურამ კოპაძესთან)


– ბატონო გურამ, გავეცანი რა პრესაში გამოქვეყნებულ თქვენს სტატიებსა და დიალოგებს, სურვილი გამიჩნდა მომეწვიეთ ჩვენი გაზეთის პირველი ნომრის სტუმრად, თქვენს დიალოგებში სხვადასხვა პიროვნებებთან პირველ კითხვად სვამთ ასეთ კითხვას: „გსურთ თუ არა, რომ იყოს ღმერთი, და რატომ?” ნება მომეცით მეც იგივე კითხვა დაგისვათ.

– მე მსურს და მწამს კიდევაც ღმერთის არსებობა. მსურს იმიტომ, რომ ღმერთის არსებობით სამყაროს არსებობაც და ჩვენი არსებობაც ამ სამყაროში იძენს ბრძნულ და, მაშასადამე, დადებით არსსა და საზრისს. ღმერთის არსებობა განაპირობებს ცხოვრების არსსა და სიცოცხლის აზრს. ღმრთის წყალობით შესაძლებელი ხდება როგორც სიყვარული, ასევე სვლა სრულყოფილისაკენ, რათა აბსოლუტური სიკეთის და სრული ჰარმონიის მისაღწევად ყოველივე გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი. ღმერთის არსებობით ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თავი ბედნიერად, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა მივიღოთ მისგან წყალობა და იმედი იმისა, რომ გვექნება შანსი დავეუფლოთ უკვდავებასა და მივაღწიოთ ჭეშმარიტ სოციალურ სამართლიანობას.

ღმერთი, როგორც ჩვენი უზენაესი პატრონი და მფარველი, ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ გამოგვიყვანოს ყოველგვარი უბედურებიდან და გაჭირვებიდან. ჩვენ ვერ აღვწერთ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ღმერთს შეუძლია მოგვიტანოს ჩვენ, თუ შევიცნობთ და გავითავისებთ მის ნებას, ამისათვის კი საჭიროა შევინარჩუნოთ რწმენა და ყოველგვარი სიყვარული. განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ, არ ვუღალატოთ ჭეშმარიტების სიყვარულს – პირველ რიგში სიმართლისა და სამართლიანობის სიყვარულს...

– რანი თუ ვინ არიან ღმერთი და ეშმაკი და რას იტყვით მოკლედ მათთან დაკავშირებით?

– ღმერთი არის სამება (ღმერთის სამივე იპოსტაზს ერთი ღვთაებრივი ნება აერთიანებს), ეშმაკი კი – ორება. ჩემი განსაზღვრებით ღმერთის პირველი იპოსტაზია უზენაესი ღმერთი, რომლიც მსგავსებით ყველაზე ახლოსაა მამა-ღმრთის ცნებასთან ქრისტიანულ რელიგიაში და ალაჰის ცნებასთან მუსულმანურ რელიგიაში. აქვს აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა ერების რელიგიების ფუნდამენტალური ცნბების ამსახველი სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო ენობრივად, არამედ რელიგიურადაც - მათი რელიგიური წარმოდგენებისდა მიხედვითაც. მაგრამ ეს წარმოდგენები ბევრ რამეში ერთმანეთს თანხვდება. მაგალითად, მამა-ღმერთიც ყოვლისშემძლეა და ალაჰიც ჩემი ანალიზით კი ყოვლისშემძლეობა საერთოდ არ არსებობს, რამეთუ ეს ცნება აბსურდულია და ამიტომ ამ თვისების ნაცვლად მე განვჭვრიტე სხვა მონათესავე თვისება ღმერთისათვის – სახელდობრ ის, რომ ღმერთის მოქმედება სწვდება ყველაფერს. სამყაროს ყოველ მატრიალურ წერტილს და ეს მოქმედება ღვთაებრივი სიბრძნით განისაზღვრება და თანაც უშეცდომოდ, მყისიერად და ყველგან ერთდროულად (პარალელურად) ხორციელდება. ჩემი განსაზღვრებიდან და სამყაროს უსასრულობიდან გამომდინარე ღმერთს ექნება უსასრულო ძალა (უსასრულო ძალა ყოვლისშემძლეობას არ ნიშნავს). განსხვავებით ქრისტიანული რელიგიისაგან ჩემს მოძღვრებაში ღმერთის მეორე იპოსტაზად ქრისტეს ნაცვლად მე განსაზღვრული მაქვს სულიწმიდა. მესამე იპოსტაზად კი – ქრისტეებისა და ღმერთკაცების (ქალღმერთების) მთელი უსასრულო სიმრავლე მაქვს მიღებული მთელ სამყაროში. ჩემს სისტემაში ცნება „ქრისტე” აღნიშნავს უმაღლესი რანგის ადამიანს, ანუ ინდივიდუალური განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომს, როდესაც ხდება მისი სულიერების თვისობრივი ცვლილება – იგი გარდაისახება ღვთაებრივი ბუნების უმაღლეს არსებაში. განვითარების ამ უმაღლეს საფეხურზე ადამიანი თავისუფლდება ეგოიზმისგან და ჰკარგავს რა თავის ეგოისტურ ნებას, სანაცვლოდ ღებულობს ღმერთის ნებას, ამ ახალ მდგომარეობაში ადამიანი დიდი სისწრაფით შეიმეცნებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამ ცოდნის მიღებას მაინც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და, როდესაც ქრისტე აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბოლომდე შეიცნობს, იგი ხდება ღმერთკაცი, ჩემის აზრით, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დედამიწა ერთ ღმერთკაცსაც კი ვერ მოსწრებია. დარწმუნებული ვარ, რომ თვით იესომ კი ვერ მოასწრო ღმერთკაცად გახდომა დედამიწაზე დარჩა ქრისტედ. ღმერთკაცები მასიურად იმ პლანეტაზე არსებობენ, სადაც ცივილიზაციამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია და გახდა ზეცივილიზაცია. მხოლოდ მათ წარმომადგენლებს შესწევთ უნარი ჩვენამდე მოაღწიონ თავიანთი კოსმიური ხომალდებით. ფიზიკურ პლანში დანახვით უზენაესი ღმერთი არამატერიალურია, სულიწმიდა შესდგება ფაქიზი მატერიისაგან. ქრისტეები და ღმერთკაცები კი ფიზიკურად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისაგან და გააჩნიათ მატერიალური სხეულები, შემცვლელი ფაქიზი მატერიისაგან შემდგარი ინდივიდუალური სულებით ანუ სამშვინელებით. ღმერთის ამ სამივე იპოსტაზის არსებობა აუცილებლია მისი შესაძლებლობების სრულფასოვანი განხორციელებისათვის. ერთი იპოსტაზიც რომ დააკლდეს ღმერთს, იგი თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს... სულიწმიდის ფაქიზი მატერია, რომელიც შედგება ღვთაებრივი თვისებებით აღჭურვილი უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისაგან (უკვდავი ნაწილაკებისაგან). ავსებს მთელ სივრცეს (კოსმოსს). იგივე ნაწილაკებისგანაა აგებული ადამიანის სამშვინველიც, რომლის კონფიგურაციაც ინდივიდუალურია და სწორედ ამ კონფიგურაციით იწერება ადამიანის პიროვნული ინფორმაცია, რომლის წყალობითაც მას ეძლევა შანსი აღიდგინოს თავისი თავი საიქიო ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ასეთი აღდგენა განხორციელდება უზენაესი ღმერთისა და სულიწმიდის ძალით... ეშმაკი, როგორც ორება, ორი მდგენელისგან შედგება – პირველი ეგოიზმია, მეორე ბრმა ძალა. ჩვენ ვხვდებით ეგოიზმის სხვადასხვა სახეობებს – პიროვნულს, კოლექტიურს, ნაციონალურს, ნათესაურს, რელიგიურს... ბრმა ძალაც მრავალგვარია – შემთხვევითი მიკროპროცესები (მაგალითად მიკრონაწილაკების სპონტანური წარმოქმნა და ჰეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი), შემთხვევითი ავარიები, სტიქიური უბედურებები, მეტეორიტებისა და კოსმიური ნაწილაკების წვიმა, კომეტებისა და ასტეროიდების ვარდნა, გალაქტიკების შეჯახება, ვირუსების შემოტევა, რადიაციული გაჟონვა, რღვევითი პროცესები ტვინში (ტვინის დეგრადაციის უამრავი ფორმები) და სხვა. უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ გამიზნულად, თუნდაც ღმერთის განზრახვით, ყველაფერი არ ხდება. ადამიანის განვითარების საწყის ეტაპზე ეგოიზმს უარყოფით როლთან ერთად, დადებითი როლიც აკისრია. იგი განვითარების სტიმულად გვევლინება. ბრმა ძალებსაც აქვთ თავისი დადებითი მხარეები (მაგალითად, დიფუზიას, მატერიის შემთხვევითი ხასიათის განაწილებას კოსმოსში და ა.შ.) თუ ღმერთის მოქმედების მიმართულება მკაცრად განსაზღვრული და ურყევია სამყაროს მოწესრიგებისა და სრულყოფის მიმართულებით, ეშმაკის მოქმედება ცვალებადია და ამ ცვალებადობის გამო ხშირ შემთხვევაში ეშმაკი ღმერთის დახმარებითაც კი შეიძლება მოგვევლინოს. ყველა ცდომილებას ღმერთისა და ეშმაკის ერთდროული მოქმდება (ტოლქმედი ძალა) განაპირობებს და ეშმაკის გამო არაფერი არ ხორციელდება აბსოლუტური სიზუსტით... მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ შემუშავებული ახალი რელიგიური ცნებები და ტერმინები, ახალი ცოდნის სისტემა მოსახერხებელია სამყაროს როგორც სულიერი, ასევე მატერიალური ნაწილის თვისებებისა და კანონზომიერების უფრო ღრმად და ზუსტად შესასწავლად (შესაცნობად). საიდუმლოებებით მოცული მოვლენების უფრო დამაჯერებლად ასახსნელად. ვიდრე ეს ძველი მოძღვრების დახმარებითაა შესაძლებელი, ჩვენი ვალია ფიზიკური მოვლენებისა და სიცოცხლის როგორც ენერგეტიკული, ასევე სულიერი კანონზომიერების შემეცნების გზით რწმენა ცოდნაში გადავიყვანოთ და, როგორც არაცნობიერი, ასევე ქვეცნობიერი და ინტუიციური გავაცნობიეროთ. ამ უაღრესად რთული გზის გასავლელად პირადად მე ღმრთისგან დიდი მისია დამეკისრა და ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდე არა იმდენად ჩემს ინტელექტუალურ სიძლიერეს და მიწიერ განათლებას, რამდენადაც უნიკალური რელიგიური გამოცდილების მიღებას (გასხივოსნებას) ეგოიზმისაგან განთავისუფლების ნიადაგზე ეს ყველაფერი მე მეხმარება მეცნიერული რელიგიის საფუძვლის ჩამოყალიბებაში. სწორედ მეცნიერული რელიგია იქნება მომავლისა და სამყაროს რელიგია – მეცნიერება ხომ მთელი სამყაროს ბინადართათვის ერთია!

– რა არის აბსოლუტი?

– აბსოლუტი არის ის, რაც ყველაფერს მოიცავს – ღმერთს, ეშმაკს და დანარჩენ მატერიას.

– რა არის მატერია?

– ყველაფერი მატერიაა. რაც ქმედება-უკუქმედების კანონს ემორჩილება. მთელი სივრცე ავსებულია მატერიის სხვადასხვა ფორმებით. მატერიისაგან განსხვავებით უზენაესი ღმერთი (ღმერთის პირველი იპოსტაზი) არ ემორჩილება ქმედება-უკუქმედების კანონს. იგი ყველაფერზე მოქმედებს განუწყვეტლად, მაგრამ მასზე ვერაფრი უკუქმედებს იმავდროულად და საპასუხოდ – შეუძლებელია უზენაეს ღმერთს მიაყენო დეფორმაცია. დააკლო ან მიამატო ენერგია (ენერგიის გაცვლის ანუ მუდმივობის კანონი სრულდება მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში და არა ღია სისტემაში, სადაც ადგილი აქვს ენრგიის წარმოქმნას არაფრისაგან,” ვაკუუმიდან, სივრცის მეოთხე განზომილებიდან, რის ხარჯზეც საბოლოო ჯამში კოსმოსის „დიდ სიცარიელეებში” ხორციელდება ეგრეთწოდებული „დიდი აფეთქებები – ახალი სამყაროების შექმნა. უზენაესი ღმერთი თვითონ ქმნის ამ სამყაროებს და ამ საქმეში იგი გარედან არც ხელისშეშლას ექვემდებარება და არც ხელისშეწყობას. შეაცვლევინო აზრი ან გადაწყვეტილება, გაუუარესო ან გაუუმჯობესო კანონები (ბუნების კანონები იცვლება დროში)... როგორ შეიქმნა სამყარო? – საქმე იმაშია, რომ უსასრულო წარსულიდან უსასრულო მომავლისაკენ „დიდი აფეთქებების” საშუალებით უსასრულოდ მიმდინარეობს უსასრულო რაოდენობის სამყაროების შექმნა და მათი დასრულებადი ევოლუცია სრულყოფის ხაზით. სამყაროთა შექმნის და განვითარების ეს სცენარი მარად უცვლელია, რამეთუ იმ ღვთაებრივი სიბრძნის მიხედვითაა დაკანონებული, რომელიც გაუმჯობესებას არ საჭიროებს. ცალკეულად „დიდი აფეთქებების” შედეგად მიღებული ყოველი სამყარო სასრულოა და ვგონებ მეტაგალაქტიკების სახელითაა ცნობილი. მთელ კოსმოსში მათი რიცხვი განუწყვტლივ იზრდება. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. ასე, რომ სამყაროთა მთელი ამ სისტემის შექმნის აქტი არასოდეს არ მომხდარა და ავტომატურად იხსნება კითხვა: „რას აკეთებდა ღმერთი სამყაროების შექმნამდე?” უფრო დაწვრილებით ეს საკითხი მე გაშუქებული მაქვს ჩემს მიერ დამუშავებულ კოსმოლოგიურ მოდელში, რომელსაც „გადიდებადი სამყაროს მოდელი” დავარქვი და, რომელიც მოხსენების სახით ოთხი წლის წინ წავიკითხე მეცნიერებათა აკადემიაში, ამჟამად ეს მოხსენება ინახება საინჟინრო აკადემიის ენერგოინფორმატიკის განყოფილების არქივში. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ჩვენი მეცნიერების კომპეტენცია ვერ სწვდება ჩემი მოდელის შეფასებას...

– როგორ შეიქმნა ადამიანი?

– განვითარების კანონი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვებისას ამჟღავნებს თავის ხასიათს და იგი ერთმანეთის მონაცვლე ვოლუციებისა და რევოლუციების („ნახტომების”) მიმდევრობის სახით წარმოგვედგინა, ანუ ყოველ ევოლუციას მოჰყვება რევოლუცია და პირიქით. ამასთან ეს მიმდევრობა ევოლუციით იწყება. სიცოცხლის საოცარი მრავალფეროვნებისდა მიუხედავად კი მისი ყოველი ფორმა დასაბამს იღებს ერთუჯრედიანი არსებიდან და სათანადოდ „ამოფრქვეულია” სხვადასხვა მიმართულებით. სიცოცხლის ამ ხეზე ადამიანის შტოს უკავია საპატიო ცენტრალური ვერტიკალი (ღერძი) და, როგორც სახეობა, მისი განვითარება დასრულებადია და ყოველი ადამიანი აწი მხოლოდ ინდივიდუალური დამწიფების ფაზებს გადის. ამ მხრივ, სამწუხაროდ, დედამიწაზე სათანადო სოციალური პირობების უქონლობის გამო, ჯერ ერთი ადამიანიც კი არ დამწიფებულა. სახეზე სავალალო სურათია – ადამიანები ჯერ კიდევ მკუხეები იწყებენ ლპობას (დაავადებას) და ჭკნობას (დაბერებას) ისე, რომ სიმწიფემდე ვერ აღწევენ. მათ დამწიფებას კი როგორც ჩანს საკმაოს დიდი დრო სჭირდება (იგულისხმება არამარტო ფიზიოლოგიური არამედ ფსიქოლოგიური დამწიფებაც) – ალბათ, დაახლოებით 70-90 წელიწადი. ჩვენს არ გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ვიცოდეთ, თუ რა სახისანი იქნებიან ამ ხნის ჯანსაღი დამწიფებული ადამიანები. ყოველ შემთხვევაში ისინი ბებრები არ იქნებიან. ფიზიკური უკვდავებისა და მარადიული ახალგაზრდობის ეს პრობლემა, ადრე თუ გვიან ბუნებრივად გადაწყდება მეცნიერებისა და მედიცინის დაუხმარებლად. რაც შეეხება კაცობრიობას – ჩვენი წინაპრები დედამიწაზე სხვადასხვა პლანტებიდან ჩამოსხმული ადამიანები არიან... ყოველი ადამიანის ემბრიონალური განვითარების ფაზაში დაიკვირვება მისი განვითარების ისტორია, თუ რა სახის არსებები იყვნენ მისი წინაპრები. დარვინი მართალი იყო, როდესაც იძახდა, რომ ადამიანის წინაპარი არსება მაიმუნს ჰგავდაო. დარვინის მოძღვრება პრინციპში არ ეწინააღმდეგება ღმერთზე ჯანსაღ წარმოდგენას. ღმერთს ადამიანი არც ერთი ხელის დაკვრით შეუქმნია მყისიერად და არც ეშმაკის ჩაურევლად. არც ისაა სწორი, ზოგს რომ ჰგონია – ადამიანი ეშმაკმა შექმნაო. ამ ბოლო დროს ის აზრიც მოვისმინე, თითქოს ადამიანის შექმნა ღმრთისათვის ვინმე იალაბაუფს დაუსწრია (იხ. ალექსანდრიელი ოფიტების ძველებრაული სექტა „გველთაყვანისმცემლები”) მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას არა აქვს საზღვარი და რას არ გაიგონებს კაცი...

– რას წარმოადგენს თქვენს მიერ ჩამოყალიბებული სულიერი კოორდინაციისა და ინტეგრაციის ცენტრი?

– სულიერი კოორდინაციისა და ინტეგრაციის ცენტრი წარმოადგენს ღია ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციას, ცენტრი აერთიანებს სოციალურად აქტიური კეთილი ნების ადამიანებს, რომლებსაც ამოძრავებთ ჭეშმარიტების სიყვარული და ქვეყნის აღმშენებლობის ინტერესი. ფუნქციონირების საწყის ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს იმ ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბების მიმართულებით, რომელიც მოიცავს არა მარტო ეროვნულს, არამედ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებსაც. ვთვლით, რომ სულიერი ინტეგრაციის ანუ სულიერი ერთობის გარეშე შეუძლებელია გულწრფელი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა, რაც შეაძლებინებს ადამიანებს კონფლიქტური და მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას სულიერ სფეროებში. სულიერი კოორდინაცია კი გულისხმობს, როგორც სულიერ კორექციას (ურთიერთკორექციას), ასევე ინდივიდუალური მიმართულებების შერჩევას ჯგუფში მუშაობისთვის. – სად იმყოფება თქვენი ცენტრი? – ცენტრი ფუნქციონირებს ჟურნალისტთა სახლში კვირაობით 3-დან 6 საათამდე (ანტონ კათალიკოსის ქ. N36). ბინის ტელეფონია: 22-29-67

– და ბოლოს, რამ შეიძლება შეგაცვლევინოთ მსოფლმხედველობრივი მრწამსი?

– თუ ადამიანი შეძლებს ჯანსაღი განსჯის დახმარებით და ჭეშმარიტების კრიტერიუმებზე დაყრდნობით დამისაბუთოს, რომ მისი პოზიცია უფრო მართებულია ვიდრე ჩემი, მაშინ მე შემიძლია გადავიდე მის პოზიციაზე. ასევე მე შემიძლია საკუთარი მცდარი წარმოდგენების შესწორებაც, თუ ნამდვილად აღმომიჩენენ შეცდომებს ჩემს მსოფლმხედველობაში.

ესაუბრა თამარ ლამპარაძე

კალენდარი

«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ ჩვენი გაზეთი
სულ პასუხი: 6

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0