შესვლის ფორმა

ძებნა

                                                                 საარჩევნო სისტემა


უარი ეთქვას ხალხის სახელით სპეკულირებას

        საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მცდელობა

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,სულიერი კოორდინაციისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ინსტიტუტი” (სკისი), იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის მთავარ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ყველაფერი უნდა კეთდებოდეს ხალხისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის, ადამიანის ბედნიერებისათვის და მისი უფლებების დაცვისათვის. ამიტომაც, ხშირად გვესმის _ დაე, ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს განვითარების რომელი გზით იაროს. ეს სიტყვები სიტყვებად დარჩება და საქმე არ გაკეთდება თუ არ ჩავუღრმავდებით ხალხის ცნების რაობას და ადამიანის ბუნების შემეცნებას.

დღეს, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში, სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად შემოღებულია დემოკრატიის იდეა, რომელიც თავისი არსით ხალხთმმართველობას გულისხმობს, თითქოს ქვეყანა ხალხის ნების მიხედვით იმართებოდეს. თუმცა თავს ნუ მოვიტყუებთ, რამეთუ ,,ხალხის ნება”, როგორც ასეთი, არ არსებობს. ხალხი არ არის პერსონა, რომელსაც თავისი ინდივიდუალური ნება გააჩნია. იგი შედგება სხვადასახვა პერსონებისგან (ინდივიდებისგან) და თითოეული მათგანის ნება და არჩევანი ხშირად ერთმანეთსაც კი ეწინააღმდეგება. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად დააწესეს "უმრავლესობის პრინციპი”, რომელიც თავისი არსით ბოლშევიზმთან და ეგრეთწოდებულ "ნეობოლშევიზმთან” იგივდება და ამკვიდრებს ფსევდოსამართლიანობას. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ თანასწორუფლებიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, როცა ადამიანები თავიანთი ღირსებისა და დამსახურების მიხედვით გაუთანაბრდებიან ერთმანეთს, რაც პრაქტიკულად მიუღწეველია და ამიტომ, საზოგადოდ, სამართლიანი იქნება ადამიანები თავიანთი უფლებებით გავათანაბროთ ერთმანეთთან მხოლოდ ერთ რამეში _ ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისი ძალისხმევის ხარჯზე გაძლიერდეს, აიმაღლოს საკუთარი ღირსება და მოიპოვოს იმდენი უფლება, რამდენიც მის ღირსებას შეესატყვისება. ადამიანებს უნდა დაუფასდეს საკუთარი ღირსება და ეს სულაც არ ნიშნავს საზოგადოებაში მათ დისკრიმინაციას. პირიქით _ ცივილიზებულ საზოგადოებაში სწორედაც რომ შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველია სხვადასხვა დონის ადამიანების გათანაბრების პრინციპი ("Уровниловка”). თუ ღირსეულმა ადამიანმა ჭრელ საზოგადოებაში არ იგრძნო, რომ იგი უფრო მაღლა დგას უღირს ადამიანებთან შედარებით, მაშინ მას იმის სტიმულიც გაუქრება, რომ უფრო ღირსეული გახდეს. რაც მთავარია _ გონიერი ადამიანების ხმა არ უნდა ჩაიძიროს და არ უნდა გაუჩინარდეს უგუნური ადამიანების ხმათა დიდ სიმრავლეში, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ქვეყნებში მკვიდრდებიან და ძალაუფლებას ეუფლებიან თაღლითი და გონებასუსტი ფარისევლები. 

ნურავის ეგონება, რომ ღირსების შეფასება მარტო ღმერთის უფლებაა. ღირსება გარკვეული კომპონენტებისაგან შედგება და საბედნიეროდ სულიერმა მეცნიერებამ (ფსიქოლოგიამ) უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ შეუძლია ღირსების შემადგენელი ნაწილების (კომპონენტების) გაზომვა და თანდათანობით დაზუსტება. ამ მიმართულებით გადადგმული პირველივე ნაბიჯებით ჩვენ მივიღებთ არნახულ შედეგებს საზოგადოების გაჯანსაღებისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სახელმწიფოს მართვის ნებისმიერ საფეხურზე თავს დავაღწევთ ხალხის სახელით მოქმედების სპეკულირებას და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ანალიტიკური მეთოდებით პრობლემის და მათ შორის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გონივრულად გადაჭრას. 

დღეისათვის შესაძლებლად მიგვაჩნია ვიკმაროთ ღირსების სამი კომპონენტი _ ინტელექტუალურობა, სულიერება და ინფორმირებულობა. ღირსების მათემატიკურ მნიშვნელობად კი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კომპონენტების შესატყვისი კოეფიციენტების ("წონების”) ნამრავლი. 

ინტელექტუალურობას და სულიერებას გარკვეული მიახლოებით ზომავენ ფსიქოლოგები იმ ინტელექტუალურობის კოეფიციენტების გამოთვლითა და სულიერების სხვადასხვა დონეების განმსაზღვრელი ტესტებით, რომლებიც ადგენენ, თუ რა მიმართებაშია ადამიანი თავისი ეგოისტური მოთხოვნილებებით მთელი საზოგადოების ჯანსაღ განვითარებასთან. ხოლო ადამიანების ინფორმირებულობის განსასაზღვრავად საჭიროა მათ გაიარონ გარკვეული გამოცდა, რათა გამორკვეულ იქნას, თუ რამდენად ერკვევიან ისინი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, ელემენტარული წარმოდგენა მაინც ხომ უნდა გააჩნდეთ არჩევნებში მონაწილე მხარეების (პოლიტიკური სუბიექტების) და მათი კურსის შესახებ.

საბოლოოდ კი არჩევნებში გამარჯვებულად შეიძლება დასახელდეს ის პირი, რომელიც მაქსიმალურ სიდიდეს დააგროვებს ამომრჩეველთა ღირსების კოეფიციენტების ჯამის მიხედვით, მსგავსად კიბერნეტიკაში ფართოდ გამოყენებული წონების შეკრების პრინციპისა, რომელმაც უნდა შეცვალოს დემოკრატიულობის პრინციპი: "1 ადამიანი _ 1 ხმა”. დიდი ილიაც ხომ ამას ამბობდა _ ხმები კი არ უნდა ითვლებოდეს, არამედ უნდა იწონებოდესო. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ნებისმიერი ფორმის ძალდატანების (დაჯარიმების, დაშინების, მოსყიდვის თუ სხვა) გამორიცხვით.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული არჩევნების სისტემა მოწონებული იქნება საზოგადოების სოციალურად აქტიურ ფენებში და მისი დანერგვით ხელი შეეწყობა ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზიდან თანდათან "მეცნიერული თეოკრატიის” გზაზე გადასვლას, რაც საზოგადოებრივი ფორმაციის საუკეთესო ვარიანტად მიგვაჩნია, რადგანაც ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გამარჯვების მყარ საფუძვლად სწორედაც რომ მეცნიერებას ვთვლით.

ზემოთ შემოთავაზებულ პროექტს ვეთანხმებით ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები: ზაზა კოტრიკაძე; ვახტანგ უშვერიძე; კახაბერ ბერიშვილი; კახა ჩუბინიძე; მარი კეზევაძე; თამაზ გოგიაშვილი; შალვა თაქთაქიშვილი; თამარ ლამპარაძე; გურამ კოპაძე.

24 თებერვალი, 2011 წელი.
ჩვენი საკონტაქტო ტელეფონებია:
857 21-24-85, 890 93-90-33, 893 14-56-44, 899 56-55-81.

კალენდარი

«  იანვარი 2022  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ ჩვენი გაზეთი
სულ პასუხი: 6

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0